ნატო ვაჩნაძე – “50 ქალი საქართველოდან”
“ჰაინრიჰ ბიოლის” ფონდი წარმოგიდგენთ რუბრიკას: “50 ქალის ისტორია საქართველოდან”.
ნატო ვაჩნაძე, მსახიობი.
მოუსმინეთ
(1904 – 1953)
კინომსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1941), რუსეთის დამსახურებული არტისტი (1935), პირველი ქართველი კინოვარსკვლავი.
ნატო ვაჩნაძე დაიბადა 1904 წელს ქალაქ ვარშავაში, პოლკოვნიკ გიორგი ანდრონიკაშვილისა და პოლონელი ეკატერინე სლივიცკაიას ოჯახში. ოჯახი მალე გადმოსახლდა საქართველოში, თუმცა, ახალგაზრდა პოლკოვნიკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მისი დაღუპვის შემდეგ ეკატერინე სლივიცკაიამ გურჯაანში გადაწყვიტა დასახლება, სადაც მცირეწლოვანი შვილების აღზრდა ნაკლებად გაუჭირდებოდა. ნატო თავის დასთან ერთად თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა და ზაფხულს გურჯაანში ატარებდა ხოლმე. 1914 წელს უფროსი დის ავადმყოფობის გამო, მთელ ოჯახს მოუწია ევროპაში გამგზავრება ბავშვის სამკურნალოდ, თუმცა მათ იქ პირველმა მსოფლიო ომმა მიუსწრო და ანდრონიკაშვილები სამშობლოში დაბრუნდნენ. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, ნატოს სწავლის პარალელურად მუშაობამ მოუწია. მუშაობდა რიგით მუშად თბილისის სხვადასხვა საწარმოებში, გურჯაანში ყოფნისას კი კერძო მოსწავლეები აჰყავდა და ფორტეპიანოს გაკვეთილებს აძლევდა მათ. იგი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გათხოვდა მერაბ ვაჩნაძეზე.
1923 წელს, 19 წლის ასაკში მისი ფოტო შემთხვევით შეამჩნიეს შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში. მალე მას გურჯაანში ეწვია „სახკინმრეწვის“ თანამშრომელი შაქრო ბერიშვილი და ნატო გადასაღებად მიიწვია ფილმში „არსენა ყაჩაღი“, რომელსაც დგამდა ივანე ბარსკი. თუმცა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნატომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა მეორე ფილმზე „მამის მკვლელი“ ამო ბეკ–ნაზაროვის რეჟისორობით. საბოლოოდ, ორივე ფილმი სამ თვეში თითქმის ერთდროულად გამოვიდა ეკრანებზე. ჯერ კიდევ პირველ ძლიერ შთაბეჭდილებას არ გაევლო, რომ ნატომ კიდევ ორი როლის შემოთავაზება მიიღო ივანე პერესტიანის ფილმებში „სამი სიცოცხლე“ და „ტარიელ მკლავაძის საქმე“.
ნატო ვაჩნაძემ პირველივე ორი ფილმის შემდეგ მოიპოვა პოპულარობა, რაც მისი მიმზდველი გარეგნობის გარდა, მისმა ბუნებრიობამ განაპირობა. მის შესახებ პრესა აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთის ბევრი კინოვარსკლავისგან განსხვავებით ნატოს არ ახასიათებდა ლამაზი პოზები და ხელოვნურობა, მისი ჟესტები ძუნწი და მკაცრი იყო სიხარულისა თუ მწუხარების ყველა მომენტში.
ოთხი ფილმის შემდეგ ნატო მიიწვიეს ალექსანდრე წუწუნავას ფილმში „ვინ არის დამნაშავე?“ (იგივე „უაილდ ვესტის მხედარი“ ნინო ნაკაშიძის პიესის მიხედვით). მსახიობის მოგონებებში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე წუწუნავა მის გამოცდილებაში პირველი რეჟისორი იყო, ვინც სტანისლავსკის მეთოდით მუშაობდა და ცდილობდა მსახიობის თამაში ფსიქოლოგიური სიმართლის გამომხატველი ყოფილიყო. „ვინ არის დამნაშავემ?“ ნატოს დიდი წარმატება მოუტანა. რეჟისორი იგონებს: „მოსკოვის უზარმაზარ კინოდარბაზში „კოლოსში“ უჩვნებედნენ ფილმს. კადრში გამოჩნდა ფატი. იგი იდგა ჭადრების ჩრდილქვეშ, ბავშვის აკვანთან. ერთბაშად დარბაზში თითქოს ელვამ გაანათაო, გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები: ნატა! ნატო!“
ასეთ წარმატებას თითქოს თავბრუ უნდა დაეხვია ახალგაზრდა მსახიობისთვის (მას „ქართველ ვერა ხოლოდნაიას“, „ქართველ ფრანჩესკა ბერტინის“ უწოდებდნენ) მაგრამ ნატო ფხიზლად უდგებოდა თავის პოპულარობას: „რაც უფრო იზრდებოდა ჩემი სახელი, მით უფრო ხშირად ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ უნდა დავძლიო ჩემი ეს პოპულარობა და ჭეშმარიტი, ღრმა, სერიოზული მსახიობი გავხდე. … მე ვთამაშობ პასიურ ქართველ ქალს, საწყენია, რომ ჩემი როლები ერთფეროვანია.“ – წერდა იგი თავის მოგონებებში.
იმ წლებში კომერციულ ვარსკვლავთა ტიპაჟის მექანიზმი მოქმედებდა – თითოეული მსახიობი ერთხელ და სამუდამოდ მისთვის განკუთვნილი ტიპაჟის როლს ასრულებდა. სასოწარკვეთილი აღმოსავლელი ქალის იმიჯის „ტყვეობიდან“ თავის დაღწევაში ნატო ვაჩნაძეს რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი დაეხმარა. ნატო ვაჩნაძემ ითამაშა მარჯანიშვილის ფილმებში „ამოკი“ (შ. ცვაიგის ამავე სახლეწოდების ნოველის მიხედვით) და „კრაზანა“ (ე. ვოინიჩის რომანის მიხედვით). ეს როლები უკვე მკვეთრად განსხვავდებოდა ნატო ვაჩნაძის წინა როლებისაგან, ამ ფილმებში ნატო გაბედულ და საკუთარი ღირსების დამცველ ევროპელ ქალებს ასახიერებდა. მარჯანიშვილთან მუშაობისას მსახიობი არ იყო მხოლოდ პასიური მექანიკური შემსრულებელი, რომელსაც ფილმში უსცენაროდ და იმპროვიზაციის საფუძველზე იღებდნენ, მარჯანიშვილთან იგი სწავლობდა და ითავისებდა როლს, ნატო იხსენებს: „მარჯანიშვილის ნიჭერება იმდენად მკაფიო იყო, ხოლო მისი ფანტაზია იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანი, რომ მასთან მუშაობისას შეუძლებელი იყო არ გაზრდილიყავი.“
მარჯანიშვილთან მუშაობის პერიოდში გაიცნო ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაია. ცნობილია, რომ მათი გაცნობა კამათით დაიწყო, სადაც გაცხარებულმა შენგელაიამ ვაჩნაძეს მიახალა, რომ მას არასოდეს გადაიღებდა თავის ფილმებში, თუმცა, როგორც კი ამის საშუალება მიეცა, მაშინვე ნატო ვაჩნაძე მიიწვია მთავარ როლზე. ეს იყო შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი „გიული“. „სახკინმრეწვის“ გამოცდილი რეჟისორები არ ურჩევდნენ ნატო ვაჩნაძეს გამოუცდელ და ახალგაზრდა რეჟისორთან მუშაობას, თუმცა, ნატომ აზრი კოტე მარჯანიშვილს ჰკითხა და მისი რჩევის შემდეგ დაიწყო მუშაობა ნიკოლოზ შენგელაიასთან. მსახიობი იხსენებს: „ნ. შენგელაიასთან მუშაობამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, კოლია შენგელაია შემიყვარდა.“ ნატო ვაჩნაძემ და ნიკოლოზ შენგელაიამ იქორწინეს, მათი შვილები არიან 60–იანი წლების ქართული კინოს ერთ–ერთი წამყვანი კინო–რეჟისორები გიორგი და ელდარ შენგელაიები.
ნატო ვაჩნაძეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც იღებდნენ: გერმანიაში, უკრაინაში. თუმცა, 1930–იანი წლების დასაწყისში, როცა ქართულ კინოში გამოჩნდა ექსპრესიონისტული კინოს ნიმუშები და დაიწყეს „უმსახიობო“ ფილმების გადაღება ნატო ვაჩნაძეს აღარ იწვევდნენ კინოში გადასაღებად. თუმცა, მან ვერ შეძლო კინოს გარეშე არსებობა, ნატო ვაჩნაძემ დაიწყო ცნობილი დოკუმენტალისტის ესთერ შუბის ასისტენტად მუშაობა, რომელიც იმ დროს იღებდა ფილმს „კომკავშირი – ელექტროფიკაციის შეფი“. შუბს თავდაპირველად არ სურდა ცნობილი კინოვარსკლავის სამუშაოდ მიღება, რადგან დოკუმენტური კინო მძიმე შრომას გულისხმობდა და ნამდვილად შეუფერებელი იყო ისეთი ნაზი და ქალური ადამიანისათვის, როგორებსაც ნატო ვაჩნაძე ასახიერებდა. თუმცა, მოგვიანებით ესთერ შუბი წერდა: „შესანიშნავი ასისტენტი შევიძინე, ვაჩნაძე გამოეწყო სპეცტანსაცმელსა და თექის ჩექმებში. იგი გატაცებით, მთელი სულითა და გულით მუშაობდა და არავითარ საქმეს არ ერიდებოდა.“ თავად მსახიობიც იგონებს თუ როგორ მუშაობდა ყინვებში ღია ცის ქვეშ, სამსართულიანი სახლის სიმაღლის მილგაყვანილობებზე ძვრებოდა, რომ სიმაღლიდან ელექტროფიცირებული ქალაქები გადაეღო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნატო ვაჩნაძეს კვლავ იღებდნენ სხვადასხვა რეჟისორები, მიხეილ ჭიაურელი, სიკო დოლიძე, ნიკოლოზ პიპინაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია. ამ უკანასკნელის ფილმში „ნარინჯის ველი“ ნატო ვაჩნაძემ პირველად განასახიერა უკვე არა ისტორიული, არამედ თანამედროვე ქალის სახე. თუმცა, 1943 წელს ნიკოლოზ შენგელაია ფილმის „ის კვლავ დაბრუნდება“–ს გადაღებისას მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ტრავმამ ნატო დიდიხნით ჩამოაცილა კინოს, 1947 წლამდე, როცა ის გამოჩნდა ნ. პიპინაშვილის ფილმში „აკაკის აკვანი“, აკაკის ძიძის, მანოს როლში. მსახიობმა შექმნა პერსონაჟი მისი ახალგაზრდობიდან მოხუცებულობამდე, ფილმის ბოლო კადრებში ნატო ვაჩნაძე მოხუცებული ქალის გრიმში გვევლინება.
1953 წელს ნატო ვაჩნაძე ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
ნატო ვაჩნაძე მხოლოდ კინოვარსკვლავი არ ყოფილა, იგი იყო ნიჭიერი და მრავალმხრივ განვთარებული ადამიანი. მისი წიგნი „მოგონებანი და შეხვედრები“ დღემდე ინტერესით იკითხება, რადგან ძალიან ცოცხლად და გულწრფელად მოგვითხრობს საბჭოთა საქართველოს რეალობასა და ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე.
ფილმოგრაფია:
„არსენა ყაჩაღი“ (ნენო), რეჟ.: ვლადიმერ ბარსკი, 1923
„მამის მკვლელი“ (ნუნუ)რეჟ.: ამო ბეკ–ნაზაროვი, 1923
„სამი სიცოცხლე“ (ესმა), რეჟ.: ივანე პერესტიანი, 1924
„ათასის ფასად“რეჟ.: ვლადიმერ ბარსკი, 1925
„ვინ არის დამნაშავე?“ (ფატი), რეჟ.: ალექსანდრე წუწუნავა, 1925
„ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (დესპინე), რეჟ.: ივანე პერესტიანი, 1925
„ნათელა“ (ნათელა), რეჟ.: ამო ბეკ–ნაზაროვი, 1926
„ამოკი“ (ევროპელი ქალი), რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი, 1927
„გიული“ (გიული), რეჟ.: ნიკოლოზ შენგელაია, 1927
„კრაზანა“ (ჯემა), რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი, 1928
„უკანასკნელი ჯვაროსნები“ (ციცია), რეჟ.: სიკო დოლიძე,1933
„უკანასკნელი მასკარადი“ (თამარი), რეჟ.: მიხეილ ჭიაურელი, 1934
„ნარინჯის ველი“ (ნანი), რეჟ.: ნიკოლოზ შენგელაია, 1937
„არსენა“ (ნენო), რეჟ.: მიხეილ ჭიაურელი, 1937
„სამშობლო“ (ნათელა), რეჟ.: ნიკოლოზ შენგელაია, 1939
„ქალიშვილი ხიდობნიდან“ (გვირისტინე), რეჟ.: დოდო ანთაძე, 1940
„ქაჯანა“ (მართა), რეჟ.: ნიკოლოზ პიპინაშვილი, 1941
„ის კიდევ დაბრუნდება“ (მანანა), რეჟ.: ნიკოლოზ შენგელაია, 1943
„აკაკის აკვანი (მანო), რეჟ.: ნიკოლოზ პიპინაშვილი, 1947
„ქეთო და კოტე“, რეჟ.: ვახტანგ ტაბლიაშვილი, 1948
„მწვერვალთა დამპყრობნი“ (ელისაბედ ლომიძე), რეჟ.: დავით რონდელი, 1952
გამოყენებული ლიტერატურა:
„მოგონებანი და შეხვედრები“. ნ. ვაჩნაძე, თბილისი, 1950
„ქართული კინოს ლეგენდა ნატო ვაჩნაძე: „ღმერთის რჩეულნი ადრე მიდიან“. ო.თაბუკაშვილი, თეატრი და ცხოვრება, N3, 2004
ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი