ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონი

როგორ გადავიდა თელავის აგრარული ბაზარი “ონლაინზე” – გაჩერებული ქალაქის ქრონიკა

დაცარიელებული ქუჩები, მაღაზიები, ავტოსადგურები, აგრარული ბაზრები და სამარშუტო ავტომანქანებში მოწყობილი მაღაზიები-ასეთია დღეს თელავი. დახურული სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების შემდეგ, მომხმარებელი დაკარგეს სურსათის მაღაზიებმა და ბაზრებმა.

ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გამყიდველის, მანანა ველიჯანაშვილის განმარტებით, დღეს, პროდუქტის მყიდველი, თითქმის განახევრებულია.

“დღეს ხალხი არ არის. ტრანსპორტის შეჩერებამ, ჩვენი მომხმარებლის განახევრება გამოიწვია.კანტიკუნტად შემოდის ხალხი. თუ ასე გაგრძელდა და მაღაზიას შემოსავლები შეუმცირდა, არ გამოვრიცხავ, გამყიდველების რაოდენობა შემცირდეს და უმუშევრები დავრჩეთ” – განაცხადა ველიჯანაშვილმა რადიო ჰერეთთან.
მომხმარებელი არ არის, აგრარულ ბაზრებშიც.

ერთ-ერთი მოვაჭრე, აინა ორუჯოვა, რადო ჰერეთთან ამბობს, რომ დღეს შესაძლოა, საჭმლის ფულიც ვერ შეაგროვოს.

“იმედით გამოვედით, რომ იქნებ ორი კაპიკი გავაკეთოთ. სადღაა ხალხი. მე ბოსტნეული მაქვს აღებული,სულ გამიფუჭდება და ამის ვალიც დამედება. რატომ არ შეიძლება ტრანსპორტის მოძრაობა, რამე წესებით. ამ მდგომარეოვას ჩვენ ვერ გავუძლებთ, შიმშილისთვის გაგვიმეტეს”- განაცხადა ორუჯოვამ.

ზოგიერთი მაღაზიის მფლობელმა,შედარებით კრეატიული გამოსავალი მონახა და საქონლის ნაწილი, სამარშუტო ავტომანქანით, ქუჩაში გაიტანა.

“ონლაინზე გადადითო, აბა მითხარით, როგორ გადავეწყო ისე სწრაფად, რომ კრედიტით ნაყიდი საქონლით, ვალები მოვიშორო. გამყიდველი სახლში გავუშვი და ეს მოვიფიქრე,რამდენად გამიმართლებს, არ ვიცი” – თქვა რადიო ჰერეთთან, სამარშუტო ავტომანქანის მფლობელმა, ვალერი ორკოდაშვილმა.

მოუსმინეთ რას ფიქრობს ხალხი თელავში საქართველოში არსებულ შეზღუდვებზე.

მცირე გამოკითხვა ჩვენმა კორესპონდენტმა ხათუნა გულიაშვილმა ჩაატარა.  

მსგავსი პოსტები

Back to top button