Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გვარების ომის საიდუმლო- ვის დააფარა ხელი გამოძიებამ?

ვისური მუთოშვილის ოჯახი, ბრძოლის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

322

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის საქმეზე, მხარეების საჩივარი 25 იანვარს უნდა განიხილოს.

ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისური მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარებს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკების დროს მოკლეს.
ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა დაპირისპირების ოთხი მონაწილეც.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე, პანკისში მცხოვრები ორი მოქალაქე, რამაზ ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი დააკავა. გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის19, 108, 108- ე, 236- ე და 237- ე მუხლებით დაიწყო.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არბი ქავთარაშვილს, მკვლელობისათვის 11, ხოლო რამაზ ხანგოშვილს, მკვლელობის მცდელობისათვის, 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი, ორივე მხარემ გაასაჩივრა.
მსჯავრდებულები, მათთვის დანიშნულ სასჯელს არ ეთანხმებიან და მის შემსუბუქებას ითხოვენ.
სასჯელის ზომას არ ეთანხმება ბრალდებაც და მის დამძიმებას ითხოვს.

ვისური მუთოშვილის ოჯახი გამოძიების მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით, საქმის დაკვალიფიცირებას, დღემდე არასწორად მიიჩნევს. გარდაცვლილის დედა, თამარ მუთოშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მისი შვილი ჯგუფურად მოკლეს და საქმე, სხვა მუხლით უნდა წარმართულიყო.

” მთელმა სოფელმა ნახა, დუისის ამბულატორიასთან ორი მანქანა, იარაღით რომ დატვირთეს. ჩემი ინფორმაციით, საკობიანოსთან დაპირისპირების დროს, 17 ადამიანი ისროდა. 45 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მანქანას, რომელშიც ჩემი შვილი იჯდა. სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული ჰქონდა ორი იარაღით და ეს არ იყო ჯგუფური მკვლელობა? გარდა ამისა, რატომ პასუხი არ აგებინეს, ბაქარ ფარეულიძეს, რომლის იარაღითაც ვისური მოკლეს. რატომ არ დასაჯეს მურად ქავთარაშვილი, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია და შეიარაღებული ბანდა ჰყავს? ჩემი შვილი პანკისში ჰესების მშენებლობას შეეწირა. ამბობდა კიდეც, თუ არ მომკლავენ, ისე ვერ ააშენებენო”- განაცხადა თამარ მუთოშვილმა.

მუთოშვილების პოზიციას იზიარებს ოჯახის წარმომადგენელი საქმეში, ადვოკატი, ბადურ გულიაშვილი.

” გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი, რომელიც ბაქარ ფარეულიძეს ეკუთვნის, თითქოს არბი ქავთარაშვილმა, ფარეულიძეების სეიფიდან ჩუმად გამოიტანა. ქავთარაშვილი დაკითხეს, კოდი არ ჰკითხეს, შემდეგ კი, მას და ფარეულიძეს ჩვენებები გააცვლევინეს. რაც შეეხება, მურად ქავთარაშვილს, სროლა ნამდვილად მან დაიწყო და რატომ არ აგო პასუხი, კანონის წინაშე. საქმეში მთელი რიგი დარღვევებებია, რამაც დანაშაულის ჩამდენი პირების შესაბამისად დასჯა, ვერ უზრუნველყო, ” -ამბობს ადვოკატი.

ვისური მუთოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული, არბი ქავთარაშვილი, მკვლელობის იარღის, “”SIGSAUER P938” მოდელის პისტოლეტის რეალური მფლობელის, ბაქარ ფარეულიძის ცოლის ძმაა, ხოლო მურად ქავთარაშვილი, მსჯავრდებულის ბიძა.
თავად ბაქარ ფარეულიძე, ამჟამად, თბილისში, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და მათთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, სამ პირთან ერთადაა დაკავებული.

რადიო ჰერეთთან, ოჯახის პოზიცია მისმა ძმამ, ბიზნესმენმა, ვახტანგ ფარეულიძემ გაახმოვანა.

“იარაღი ბაქარს ეკუთვნოდა, მაგრამ ნამდვილად ჩვენს გარეშე გაიტანეს სახლიდან. ჩვენი ადათის მიხედვით, დავიფიცეთ კიდეც, რომ ნამდვილად არავითარ კავშირში, ამ მკვლელობასთან არ ვართ. ძალიან მძიმე ამბავია, ადამიანია გარდაცვლილი, ამიტომ შვილმკვდარ დედასთან მე არ ვიკამათებ.ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გვარების შერიგებისათვის”- განმარტა ფარეულიძემ.

კომანტარის გაკეთება, მიმდინარე საქმეზე, არ ისურვეს ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლებმა. მერაბ ქავთარაშვილმა, მხოლოდ ის განმარტა,რომ მისი გვარი, ყველაფერს აკეთებს შერიგებისათვის.
“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევრიგდეთ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ პროცესს”- განაცხადა ქავთარაშვილმა.

გასაჩივრებული განაჩენისა და საქმის ირგვლივ, მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარზე ხელის მომწერი ადვოკატი, ირმა ქავთარაშვილი.

“სიმართლე თუ გინდათ, ეგ არ იყო სისხლის სამართლის კოდექსის 108 და არც 109- ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება. ეს გახლდათ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც გარდაცვალებით დასულდა. არბიმ, პროცესზეც განაცხადა, რომ მას ვისურის მოკვლა არ სურდა. მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ აპელაციას, “- განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე საუბარი არ ისურვა ბრალდების მხარემაც.
რადიო ჰერეთმა ექსკლუზიურად მოიპოვა განაჩენი, რომელიც თელავის რაიონულმა სასამართლომ, გვარების დაპირისპირების საქმეზე გამოიტანა.

საბოლოო ვერდიქტში, სასამართლო რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და გარკვევით ასახელებს ფაქტებს, რომლებიც გამოძიებამ, ნებით,თუ უნებლიედ, ყურადღების გარეშე დატოვა.

განაჩენით ირკვევა, რომ ორმხრივი სროლა, სოფელ საკობიანოში, ნამდვილად პოლიციელების თვალწინ მოხდა. სისხლის სამართლის საქმეში, ათობით სამართალდამცავის ჩვენება დევს, რომელთა შორის არის ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ლევან გაბუნიაც.

ჩვენებებით ირკვევა, რომ სროლის დროს, გაბუნია გვერდით ედგა გარდაცვლილ ვისურ მუთოშვილს, გაკავებული ჰყავდა ის საქამრით და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
სოფელ საკობიანოსთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე პირველად მისულმა პოლიციელმა, თეიმურაზ არაბულმა გამოიძახა. პოლიციელები ფაქტობრივად, შუაში ედგნენ დაპირისპირებულ მხარეებს და მათ შეკავებას ცდილობდნენ.

სასამართლოს განაჩენში, პირდაპირ მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმე არასწორადაა დაკვალიფიცირებული: “სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რომ ბრალდების მხარემ, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მოქმედებას. არ იმსჯელა დაპირისპირებული ჯგუფის სხვა შეიარაღებულ წევრებზე. მსუბუქი ბრალდების წარდგენის გზით, უსაფუძვლო შეღავათი გაუწია ბრალდებულებს. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ქავთარაშვილი და ხანგოშვილი მოქმედებდნენ ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, რაც გამოძიების ეტაპზე არ შეფასებულა. შემთხვევის ადგილზე, რამაზ ხანგოშვილმა, ორი პირის, მათ შორის, ვისური მუთოშვილის მოკვლა სცადა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს. მით უფრო, რომ ვისური მუთოშვილის გვერდით დგას პოლიციელი და ბრალდებულები საფრთხეს უქმნიან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას წარმოადგენს.

საერთო დანაშაულებრივ განზრახვას ადასტურებს ასევე ის, რომ პისტოლეტი, რომლიდანაც ქავთარაშვილმა მუთოშვილს ესროლა, ეკუთვნის, სოფელ დუისში მცხოვრებ ბაქარ ფარეულიძეს. მტკიცებულებების მიხედვით, ქავთარაშვილმა იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. რა ვითარებაში დაეუფლა, ხანგოშვილი სწორედ ამ იარაღს, ეს გარემოება გამოძიების მხრიდან არ შეფასებულა.ცალკე მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო, ხომ არ ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის კოდექსის 237- ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას.”

საქმის მასალებში დევს, იარაღის მესაკუთრის, ბაქარ ფარეულიძის ჩვენებაც, რომლითაც დგინდება, რომ ქავთარაშვილმა პისტოლეტი მისი ნებართვის გარეშე აიღო.

ეს ფაქტი, განაჩენში შემდეგნაირადაა შეფასებული: ” სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ გამოძიება არც ამ ნაწილში აწარმოეს სათანადოდ. გამოძიება ენდო ჩვენებებს ისე, რომ არ გადაამოწმა მათი სისწორე, არ გამორიცხა დანაშაულებრივი კავშირი ქავთარაშვილსა და ფარეულიძეს შორის. მთელი რიგი გარემოებები უნდა დადგენილიყო დაკითხვით, საგამოძიებო ექსპერიმენტითა და ტექნიკური ექსპერტიზით. გარემოებები ვეღარ შემოწმდება, რადგან არბი ქავთარაშვილს, ბაქარ ფარეულიძის ჩვენება გადაეცა და შინაარსი მისთვის ცნობილია.”

სასამართლოს განაჩენი, გამოძიების მიერ შეუსწავლელ კიდევ რამდენიმე გარემოებას ასახელებს და შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარ დაგეგმვაზე მიუთითებს:

” შეიარაღებული კონფლიქტი რომ წინასწარ დაიგეგმა, დასტურდება იმით, რომ დაპირისპირებაში მონაწილე არცერთი პირი საკობიანოს მცხოვრები არ არის. ორივე მხარე გამოვიდა საკუთარი სოფლიდან, რომ დაეცვა თანასოფლელები.არ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ დაპირისპირებული მხარეების შეხვედრის დროს, თითქოს სალაპარაკოდ მისული ხალხის ნაწილი, შეიარაღებულია.შემთხვევის ადგილზე ამოღებულია პისტოლეტის მასრები, მისი მფლობელი დადგენილია და გარკვეულია, რომ მას იარაღი მხოლოდ შენახვის უფლებით აქვს გაფორმებული. ამის გარდა, მუთოშვილების მხარეს მყოფი მოწმეები, ასახელებენ მურად ქავთარაშვილს, რომელმაც პირველად დაიწყო სროლა. მაშინ, როდესაც სროლა მიმდინარეობს გარკვეული დრიოს განმავლობაში, პოლიციელების თანდასწრებით და მკვლელობით მთავრდება, ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე, შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზად არის და შეგნებულად მონაწილეობს მასში.”

საქმეში არსებული ექსპერტიზის 2019 წლის 4 დეკემბრის დასკვნით, დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე, ბრაუნინგისა და 2 სხვადასხვა მაკაროვის სისტემის იარაღის მასრები ამოიღეს. მოწმეების ჩვენებებით ირკვევა ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე, სხვა პირებიც ისროდნენ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლო მსჯელობს: ” როდესაც ორი შეიარაღებული ჯგუფი ესვრის ერთმანეთს, ქმედება არის მკვლელობის მცდელობა. ისინი მოქმედებენ ერთიანი განზრახვით, იყენებენ რა ისეთ საშუალებას, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შემთხვევის ადგილზე ამოღებულიასხვადასხვა კალიბრის იარღის 70- ზე მეტი მასრა”.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გახდება ცნობილი, რომელი მხარის პოზიციას გაიზაირებს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და შეცვლის თუ არა ის, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენს.

პანკისის ხეობაში კი, ქისტური ადათის მიხედვით, სისხლის აღების თავიდან ასაცილებლად, ორი გვარის შერიგების მცდელობა, უკვე მრავალჯერ უშედეგოდ დამთავრდა.

გარდაცვლილი ვისური მუთოშვილის ოჯახი, შერიგებაზე უარს ამბობს, პროცესის დასრულებას ელოდება და ევროპულ სასამართლოში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

 

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი