მნიშვნელოვანიმსოფლიო

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა

ყოფილი იტალიელი თავდამსხმელი პაოლო როსი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

პირველად, როსი ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 18 წლის ასაკში გამოჩნდა.

იმ დროს გუნდში არაერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა, რომელთანაც კონკურენციის გაწევას ახალგაზრდა პაოლო ვერ ახერხებდა. ამიტომაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უხდებოდა ჯდომა.

1975–1976 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ პაოლო როსი „კომოში“ გაანათხოვრა. სერია A-ში დებიუტი სწორედ „კომოს“ შემადგენლობაში ჰქონდა, მაშინ „პერუჯასთან“ „კომო“ 0–2 დამარცხდა.

იმავე წლის ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სერია B-ს კლუბმა „ვიჩენცამ“ მილიონნახევარი გირვანქა გადაუხადა „იუვენტუსს“ პაოლო როსის სანაცვლოდ.

ტურინელებისგან განსხვავებით, მათ ეს თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდებოდათ. პაბლიტომაც გაამართლა მასში გადახდილი თანხა და გულშემატკივრების იმედებიც გაამართლა. „ვიჩენცა“ სერია B-ში პირველ ადგილს იკავებს. პაოლო როსის კი 36 მატჩში 21 გოლი გააქვს.

მომდევნო 1977–1978 წლების სეზონი ტრამპლინად იქცა ამ თავდამსხმელის კარიერაში.

უმაღლეს ლიგაში აღზევებული “ვიჩენცა\’ საწყის ტურებზე არადამაჯერებლად ასპარეზიბს, სამაგიეროდ შემდეგ იწყება წაუგებელი სერია და დებიუტანტი გუნდი მეორე ადგილზე გადის, პაოლო როსი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება.

იმ სეზონში როსიმ პირველი გოლი სერია A-ში „მილანის“ წინააღმდეგ გაიტანა. მაშინ „ვიჩენცა“ 1–3 დამარცხდა, პაოლომ კი ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი გოლები „ატალანტას“, „რომას“, „ფიორენტინას“ კარში. თუმცა პირველი ჰეთ-თრიკი 1978 წლის 12 მარტს შეასრულა, როდესაც „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და „ვიჩენცამ“ 3–1 მოიგო. საერთო ჯამში 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

როსი მომდევნო სეზონსაც საუკეთესო ფორმაში შეხვდა, თუმცა, კლუბის დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგებზეც აისახა. იმ წელს პაოლომ რამდენიმე დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარა. მაგალითად მე-9 ტურში „ვიჩენცამ“ „რომას“ სწორედ როსის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, გადამწყვეტი გოლი გააქვს „აველინოს“ კარში, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩემპიონ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც მიითვალა და „ვიჩენცამ“ 2–1 მოიგო ტურინში.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ წელს „ვიჩენცამ“ მხოლოდ 29 გოლის გატანა მოახერხა, აქედან როსის ანგარიშზე ნახევარი — 15 გოლია. „ვიჩენცა“ სერია B-ში გავარდა, პაბლიტო კი ტრანსფერზე დააყენეს. მისი შეძენის სურვილი „ნაპოლიმ“ გამოთქვა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ნეაპოლიტანურ გუნდში გადასვლა. სამაგიეროდ „პერუჯას“ წინადადებას დათანხმდა.

26 წლისამ უკვე 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 6 გატანილი გოლით, ამავე მუნდიალის ბომბარდირი გახდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში 20 ნომრიანი მაისურით მოთამაშე ფორვარდს მოპოვებული აქვს სხვადასხვა საკლუბო ტიტულები, მათ შორის: 1982 და 1984 წლებში როსი სერია A -ს გამარჯვებული გახდა. 1983 წელს იტალიის თასი მოიგო. 1983-1985 წლებში თასების მფლობელთა თასი, უეფა-ს სუპერთასი და ევროპის ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული.

მეოცე საუკუნის მიწურულს, ბრაზილიური გამოცემის PLACAR- ის ვერსიით, პაოლო როსი 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, 65-ე ადგილზე დასახელდა.

იტალიურ ფეხბურთში პაოლო როსის სახელი პირველად 1974 წელს გაისმა — 18 წლის ბიჭი იტალიის უძლიერესი კლუბის ტურინის „იუვენტუსის“ სელექციონერებს მოეწონათ და კლუბში აიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button