დავით გარეჯის საქმეზე ადვოკატები ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/KARTOGRAFEBI.jpg)
ე.წ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ. ადვოკატები გენერალური პროკურატურის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვასაც აფასებენ
„უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, ასევე, უნდა მოხდეს ივანიშვილისა და პრეზიდენტის გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციას ფლობენ საქმეზე და რა როლი იქნა მათ მიერ გაწეული აღნიშნულ საქმეში” – ამბობს, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი,ნესტან ლონდარიძე.
“როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება მაშინ გვექნება მისი დაკითხვის შესაძლებლობა ბუნებრივია, გვაქვს კითხვები, რომლებზე პასუხებიც გვაინტერესებს, აბსოლუტური აცდენაა ვერსიებს შორის, რასაც ღარიბაშვილი საურობს ტელეეთერებში და საქმის მასალებში”, – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
შეგახსნებთ, რომ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამოკითხა.
კარტოგრაფები,ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტი ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ,აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს