Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დონალდ ტრამპი პოზიციებს თმობს

74

დონალდ ტრამპის განცხადებით, 20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას მისი სოციალური მედიის თანაშემწე დან სკავინო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
დან სკავინოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პოზიცია ასეთია, ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, 7 იანვარს, ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა.

ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.

აშშ-ის კონგრესმა კი ჯო ბაიდენის გამარჯვება უკვე დაამტკიცა. „სიენენის“ ინფორმაციით, კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნები მოუგო, რადგან საარჩევნო კოლეგიაში ჯო ბაიდენმა 306 ხმა, დონალდ ტრამპმა კი, 232 მიიღო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი