Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შალვა ნათელაშვილი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს კახეთიდან ეხმაურება

121

“ბრძენმა ამერიკელმა ხალხმა სერიოზული საფრთხე ჩამოაცილა დემოკრატიას ის, რაც იკადრა პუტინის მეგობარმა და ივანიშვილის მფარველმა ტრამპმა არავის უკადრია ამერიკის ისტორიაში”- ასე შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენები თელავში მყოფმა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერი თვლის, რომ ოლიგარქის ყოფნა ქვეყნის სათავეში დაუშვებელია.

“სადაც არ უნდა იყოს გაზრდილი ოლიგარქი, ბრაიტონ ბიჩზე, თუ ჭორვილაში, ის ყოველთვის საფრთხეა დემოკრატისთვის. ოლიგარქი ყოველთვის ფიქრობს მეტ მოგებაზე და მეტ ფულზე. როცა პოლიტიკაში შემოდის მხეცი, თავისი ფულით, შორს კი აღარ არის სამი ექვსიანი. ეს სამი ექვსიანი არის, ოლიგარქიაში, გამყალბებელ გამგებლებში, ხალხის დამშინებელ სუსში. ის, რაც იკადრა ტრამპმა, არავის უკადრია საუკუნეების განმავლობაში. რაც შეეხება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, შევარდნაძე წავიდა მშვიდობიანად, 2012 წელიც საყურადღებოა, ბოლოს და ბოლოს ნაზარბაევი გადადგა. იმედი მაქვს ამერიკას ხვალინდელი დღე ექნება მშვიდობიანი”- განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების თავმჯდომარემ, თელავის თეატრის წინ კარავში მყოფ აქტივისტებს გამძლეობისკენ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა. მისი მომხრეები, კაპიტოლიუმშიც შეიჭრნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამერიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას, სენატორმა შაჰინმა, საქართველო დაასახელა, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითი.

საბოლოოდ, ამერიკის სენატმა ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად  დაამტკიცა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი