მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე შიდა კონსულტაციებს მართავს

მეხუთე რაუნდისთვის მოსამზადებელ ერთობლივ კონსულტაციებს ოპოზიცია ისევ აგრძელებს. ოპოზიციურ პარტიებს შორის ცალკეული შეხვედრების გამართვას ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მმართველი გუნდის თამაშად აფასებს. მათი თქმით, ცალკეულმა შეხვედრებმა შესაძლოა უმრავლესობასთან მოლაპარაკებები დააზიანოს.

პოლიტიკური ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მმართველმა გუნდა საბოლოოდ გადაიბიროს მერყევი ფიგურები, რომლებიც შევლენ პარლამენტში.

ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ასევე “მოქალაქეებსა” და “გირჩთან” შეხვედრაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის უარსაც.

“ამ პროპაგანდის ამოცანაც ესეც არის, რომ რაღაცა იმ ტიპის ბზარი დახატონ ოპოზიციაში, რომელიც რეალურად არ არის. 90%-ზე მეტი ოპოზიციის არის იგივე პოზიციაზე, რაზეც თავიდან ვიყავით. ამ პოზიციიდან გადაუხვია რამდენიმე ადამიანმა და ახლა მათ დაიწყეს კამპანია მთლიანი ოპოზიციის წინააღმდეგ და ამას იყენებს ივანიშვილის რეჟიმი. მოლაპარაკებები კი არ არის პრობლემა, თავისთავად ადამიანებს შეიძლება სხვადასხვა აზრი და დისკუსია ჰქონდეთ, მაგრამ როდესაც იწყება ამ ტიპის ტალახის სროლა, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში,” – აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია,

“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრს საბა ბუაძეს მიაჩნია, რომ შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ბოიკოტის შენარჩუნება და გაძლიერება.

“ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ასეთი ცალკეული ინიციატივები ამ მოთხოვნების უშლის ხელს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საერთო ოპოზიციური ბოიკოტის შენარჩუნება და გაძლიერება იმისათვის, რომ მივიღოთ შედეგი. ახლა პოლიტიკურ თანამშრომლობაზე “ლელოსთვის” არის ნაადრევი,”

როდის გაიმართება ან შედგება თუ არა საერთოდ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ამ დრომდე გაურკვეველია.

შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.

მოისმინეთ გიგა ბოკერიას,ხატია დეკანოიძის და ალეკო ელისაშვილის კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button