Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სამოქალაქო აქტივისტები კახეთში რთულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ჩივიან

75

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთში მომხდარი მკვლელობის ორი ფაქტის გამო, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რეგიონში შექმნილ რთულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ.

სამოქალაქო აქტივისტი , ნინო გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე დანაშაულები რეგიონში ძალიან გახშირდა.

” დაუსჯელობის სინდრომია და დანაშაულის ჩადენის აღარავის ეშინია. ერთ კვირაში ორი უმძიმესი მკვლელობა რეგიონისათვის ცოტა არ არის. მხოლოდ დამნაშავის დაჭერა კი არა, პრევენცია და აქტიური მუშაობაა აუცილებელი. ვთვლი, რომ სამოქალაქო.საზოგადოებაც უნდა გააქტიურდეს და უმოქმედობაზე პასუხი მოითხოვოს, თორენ გამოდის ესენი კრიმინალს ვეღარ უმკლავდებიან. “- განაცხადა გოგოლაშვილმა რადიო ჰერეთთან.

დანაშაულის არა მხოლოდ ჩამდენების, კრიმინალური ფაქტების პრევენციას ითხოვს სამართალდამცავებისგან, ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილიც.

” ამათ ჰგონიათ, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მხოლოდ იმისი დაჭერაა საკმარისი. არ იციან, რომ პრევენციაც ევალებათ. რეგიონში რთული მდგომარეობაა, ბოლო ერთ თვეში რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა. არ დაადგა საშველი პროფესიონალების დანიშვნას შესაბამის სტრუქტურებში. ერთიც უნდა ვთქვა, ხელისუფლებაში თავად ახალისებენ კრიმინალს და ვინ ამათ ხმას მისცემს, ისიც ამ დანაშაულის მონაწილე ხდება. ორი ადამიანი მოკლეს უკვე, ოთხ დღეში, უკონტროლობაა და იმიტომ”- თქვა ვარდოშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო ჰერეთს განუცხადეს, რომ ყველა რეზონანსული დანაშაული გახსნილია.

” საზოგადოებას ყველაფერზე ვაწვდით ინფორმაციას. მკვლელობები გახსნილია და სავარაუდო დანმნაშავეები დაკავებულია”- განმარტეს სამინისტროში.

2021 წლის 17- დან 22 იანვრამდე, რეგიონში ორი ადამიანი მოკლეს და რამდენიმე მძიმედ დაჭრეს.
ბოლო დღეებში მომხდარი მკვლელობების სავარაუდო ჩამდენებისათვის, პროკურატურას ბრალი ჯერ არ წაუყენებია

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი