მნიშვნელოვანიმოზაიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ნინოს ოქროს წიგნების საიდუმლო

ნინო მრელაშვილი თელავში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალს, საზოგადოება უჩვეულო ტექნოლოგიით დამზადებული ოქროსფერი წიგნებით იცნობს.

ნინო რადიო ჰერეთს უყვება, რომ პირველად წიგნად იესო ქრისტეს, შემდეგ კი წმინდა ნინოს გამოსახულება აქცია.

” წმინდა ნინოს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მის სახელზე მონათლული ბებიის მოსახელე ვარ. სულ ვამბობ, მაინც ნინოს დავირქმევდი- მეთქი. როცა ამ წიგნების დამზადება დავიწყე, მეორედ სწორედ წმინდა ნინო დავამზადე”- ამბობს ნინო.

ოქროსფერი წიგნების დამზადების საიდუმლო ტექნოლოგიას ნინომ თავად მიაგნო. წიგნებს მხოლოდ წმინდანებისა და საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების გამოსახულებებით ამზადებს. ყველა წიგნს ზედ გამოსახული წმინდანის, ან ადგილის შესახებ მოკლე ისტორია ახლავს თან.

” წიგნი ისე აღიქმება, თითქოს მართალაც ოქროსგანაა დამზადებული ამ ტექნოლოგიის საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე, კარგა ხანს ვიწვალე, პირველივე ცდაზე ნამდვილად არ გამოსულა. შემდეგ ჩემი საქმიანობა დავაპატენტე და ახლა ოქროსფერი წიგნების საიდუმლო მხოლოდ მე მეკუთვნის”- გვიყვება ნინო.

ხელოვანმა ქალმა წმინდა ნინოს განსაკუთრებული მფარველობა მაშინაც ირწმუნა, როცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი შეიძინა.

“სოფელ კისისხევში მე და ჩემმა მეუღლემ მიტოვებული ეკლესია დავასუფთავეთ, შიგნით ყველაფერი გავაახლეთ და ტრადიციასავით გვაქვს იქაურობის მიხედვა. როცა სახლის შეძენა გადავწყვიტეთ, დიდი ხნის ძიების შემდეგ, რაღაც სახლს მივაგენით. შემდეგ გავიგე, რომ ზუსტად ამ სახლის წინ, პატარა ეკლესია ყოფილა, რომელიც კომუნისტებს დაუნგრევიათ. დავინტერსდი და მივაკვლიე, რომ ტაძარი თურმე წმინდა ნინოს სახელობის ყოფილა. ეს ალბათ არ იყო შემთხვევითი, რომ დიდი ხნის ძებნის შემდეგ, სწორედ ამ კურთხეულ ადგილას მივედით”- გვეუბნება ნინო მრელაშვილი.

ნინო ამბობს, რომ ოქროსფერი წიგნები, რომლებიც წმინდა ნინოს სახელზე დაამზადა, ყველა გაიყიდა, რადგან წმინდანს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

მომავალში, ნინო მრელაშვილი საკუთარი სახლის წინ, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ძველი იერსახით აღდგენასა და მისი ხატებით მორთვას გეგმავს

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button