მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია და ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დიალოგისთვის ემზადება

ოპოზიცია და ხელისუფლება 6 პუნქტიანი გეგმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დიალოგისთვის ემზადება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეფასებით, “დიალოგმა სხვა დონეზე აიწია და პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში”. ამ გეგმის მიხედვით ოპოზიციური პარტიების ყველა მოთხოვნა ჯერჯერობით ძალაში რჩება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა მმართველ გუნდთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენა.

“ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ გვსურს მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება, რომ ეს შეთანხმება იყოს მიღწეული. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციამ ამ შეხვედრით ეს ნება დაადასტურა. ამავდროულად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ დემოკრატიული პროცესის აღდგენაში. ეს არის ჩვენი პოზიცია.

ვფიქრობ მთავარი შედეგია, რომ განვაახლეთ სხვა დონეზე დიალოგის პროცესი – რა შედეგს მოიტანს, ამას დრო აჩვენებს. მოლაპარაკებები ჩიხში ხელისუფლების გადაწყვეტილებით შევიდა და კარგია, რომ მიხვდნენ და ამ ჩიხიდან გამოსვლას აპირებენ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი.

მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28 თებერვალს ეწვია. 1 მარტს მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრები გამართა. მიშელი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button