მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მშობლები მოსწავლეებისთვის თელავში ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ

თელავში საჯარო სკოლების მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. მშობლების ნაწილი, თელავისათვის ნაჩუქარი ევროსტანდარტების შესაბამისი ერთი ავტობუსის, მხოლოდ სასკოლო მარშრუტით მოძრაობის მომხრეა.

” არიან ბავშვები, რომლებიც მუდმივად ფეხით დადიან, იმიტომ რომ მშობელს შესაძლებლობა არ აქვს ყოველდღიურად ტრანსპორტის ფული იხადოს. ზოგიერთ მარშრუტში, საითაც ავტობუსები დადიან, სკოლები ხვდება, მაგრამ ავტობუსის მარშრუტი გრძელია და მოსწავლეს გაკვეთილზე აგვიანდება. არის ქალაქიდან მოშორებით მდებარე ქუჩებიც, საიდანაც ბავშვები სკოლამდე დაღლილები მიდიან. ათზე მეტი ავტობუსია ქალაქში და რატომ არ შეიძლება ერთ- ერთი მხოლოდ მოსწავლეების სკოლებში გადაყვანას მოემსახუროს?”- განაცხადა რადიო ჰერეთთან მოსწავლის მშობელმა, ნინო მერკვილაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, მშობლებს შეუძლიათ შესაბამისი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართონ.

” ეს საკითხი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია მიმართოს საკრებულოს და იქ მოხდება განხილვა. თუ საკრებულო დასაშვებად მიიჩნევს, მერიას შესაბამის დავალებას მისცემს”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ტარიელ გალახვარიძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ამ ინიციატივით მერიისთვის მიმართვა, უფრო ოპტიმალური გზაა.

“საკრებულოს აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ პირდაპირ მერიაში მიმართვა უმოკლესი გზაა, რადგამ მერია ადგენს მარშრუტებს და მუნიციპალური ტრანსპორტის მართვისათვის აქვს შესაბამისი აიპიც. ამიტომ, მსურველ მშობლებს შეუძლიათ მიმართონ მერს და საკითხი ასე უფრო სწრაფად გადაწყვიტონ”- განაცხადა გალახვარიძემ.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავს ევროსტანდარტების შესაბამისი 10 ავტობუსი აქვს, რომელთაგან ხუთი დადგენილი მარშრუტით, ქალაქის სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით მოძრაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button