მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისში გვარებს შორის დაპირისპირების ფაქტზე საქმის განხილვა გადაიდო

პანკისის ხეობაში, გვარებს შორის დაპირისპირების ფაქტზე, საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაიდო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეზე, ორივე, დაცვისა და სახელმწიფო ბრალდების მხარე ასაჩივრებს.

მსჯავრდებულების ადვოკატის, ირმა ქავთარაშვილის განმარტებით, პროცესის გადადების საფუძველი მისთვის უცნობია.

” საქმის განხილვა დაიწყო, პროკურორმა შესავალი სიტყვაც წარმოთქვა, თუმცა ჩემი, როგორც მსჯავრდებულების წარმომადგენლის დისტანციური ჩართვა პროცესზე ვერ მოხერხდა. ამის თაობაზე კითხვა მაქვს უკვე გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. დაცვის გარეშე არ დარჩენილან, სხვა პირიც არის ჩართული. გადადების საფუძველი არ ვიცი და არც ის, როდის განახლდება განხილვა”- განაცხადა ქავთარაშვილმა.

პანკისში, ორ გვარს ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების დაპირისპირების დროს მოკლული, 39 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობისათვის ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს, 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამავე დაპირისპირებაში მონაწილე რამაზ ხანგოშვილს კი, სხვა პირის მკვლელობის მცდელობისათვის, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

მსჯავრდებულების ადვოკატების მტკიცებით კი, ვისური მუთოშვილის მკვლელობის ფაქტი, გარდაცვალებით დასრულებული სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება იყო. ამ მოტივით, ისინი სააპელაციო სასამართლოსგან, სასჯელის შემსუბუქებას ელოდებიან.

მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, პანკისში, დაპირისპირებული გვარის ქისტური ადათით შერიგება, დღემდე ვერ ხერხდება.ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, დაპატიმრებულია, გარდაცვლილის ძმა, შმაგი მუთოშვილიც. შმაგი მუთოშვილს, საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების ერთ- ერთ ორგანიზატორად მიჩნეული, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვა ედება ბრალად.

თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გვარებს შორის დაპირისპირების საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, რადიო ჰერეთი ექსკლუზიურად წერდა. განაჩენში, მოსამართლე წიკლაური, საქმის გამოძიების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე, დანაშაულის ფაქტების დაფარვასა და მთელი რიგი ქმედებების არასწორ კვალიფიკაციაზე წერდა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

მსგავსი პოსტები

Back to top button