მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში პედაგოგების ნაწილი კოვიდვაქცინაციაზე უარს აცხადებს

კახეთში, საჯარო სკოლების პედაგოგებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ნაწილი, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩართვას არ აპირებს. აცრის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზად, ისინი ვაქცინით მოსალოდნელი გართულების მიმართ, შიშს ასახელებენ.

ახმეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ვაქცინას ელოდებოდა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, შიშისა და ეჭვის საფუძველი გაუჩნდა.

“ნამდვილად ველოდებოდი ვაქცინის შემოსვლას, რადგან უკვე მეორე წელია, რთულ პირობებში ვმუშაობთ.მაგრამ უკვე შიში გამიჩნდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელების გამო. ამიტომ სკოლაში ამ ორ თვეს მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოვიჩენ და დავასრულებ სემესტრს”- განაცხადა პედაგოგმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ნადიბაიძე განმარტავს, რომ სკოლების პედაგოგები ვაქცინაციაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ არიან.

” მოლოდინი დიდი იყო, თუმცა ახლა არის აზრთა სხვადასხავაობა. არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, თუმცა საყოველთაო ჯერ არ არის და მიჭირს რამის თქმა, პოზიცია როგორია”- განაცხადა ნადიბაიძემ.

ვაქცინაციის მიმართ შიში აქვთ, თელავის საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც. მათი ნაწილი თვლის, რომ სავალდებულო ტესტირება, რომელსაც ისინი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორ კვირაში ერთხელ გადიან, პრევენციისთვის საკმარისია.

” წესებს ვიცავთ მაქსიმალურად, ორ კვირაში ერთხელ ტესტირებაც გვიტარდება. ვფიქრობ, საკმარისია. ვაქცინას არ გავიკეთებ, ასე ჩამოვყალიბდი, გვერდითი მოვლენების პანიკური შიში მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბევრი თანამოაზრე მყავს”- თქვა ბაღის აღმზრდელმა, რადიო ჰერეთთან.

თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ლუარსაბიშვილი ამბობს, რომ ბაღებში ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულება, საზოგადოების განწყობის ანალოგიურია.

” ჯანდაცვის უწყებებისგან რეკომენდაცია არ მიგვიღია, მაგრამ განწყობები აქაც ზუსტად ისეთია, როგორც საზოგადოებაში. ვფიქრობ, უფრო აქტიური პროპაგანდაა საჭირო. ჩემი პირადი აზრით, ვაქცინაცია არის გამოსავალი, რადგან მეორე წელია, ურთულეს პირობებში ვმუშაობთ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 22 გახანგრძლივებული ჯგუფი და ერთი საბავშვო ბაღი, კორონა ვირუსის შემთხვევების გამო, დაკეტილია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებას რეგიონში არ გამორიცხავს.

” ამ წუთისთვის, შემთხვევების დრატული მატება არ არის, მაგრამ დროის ამბავია. თუ სხვაგან ვითარება გართულდა, კახეთშიც თავისთავად, ასე მოხდება. ამიტომ ვაქცინაციაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, სხვა გამოსავალი არ არის. ყველა რაიონშია უკვე კაბინეტები, სადაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციაში ჩასართავი პირების ნუსხას, თანდათან აფართოებს. საჯარო სკოლების პედაგოგებსა და საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სიაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში კორონა ვირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რის გამოც ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button