აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია მომზადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყო.
“არა – აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის იზოლაციას!
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის, საქართველოს მთავრობას დაწესებული აქვს ხუთდღიანი კარანტინი. იქ მცხოვრები ადამიანების სურვილის შემთხვევაში, გადმოვიდნენ ენგურის ხიდზე, მიიღონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შეიძინონ საკვები, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები თუ მედიკამენტები, ხუთი დღე უნდა გაატარონ იძულებით კარანტინში, წინააღმდეგ შემთხვევაში, წესის დარღვევისათვის, უნდა გადაიხადონ 2,000 ლარის ჯარიმა (ანუ საშუალო ხელფასის ათჯერ მეტი).
ადამიანები იძულებულნი არიან, თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ და მდინარიდან გადაღწევით მოაგვარონ მათ თავს მოხვეული პრობლემა. ორი დღის წინ, ამ მიზეზით, ოთხი გალის მკვიდრი დაიხრჩო მდინარეში და თითქმის, ათამდე ადამიანია დამხრჩვალი მდინარეში ბოლო რამდენი თვის განმავლობაში.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს საკარანტინო წესი აფხაზეთის მაცხოვრებელთათვის და უზრუნველჰყოს მათი უსაფრთხო გადაადგილება, თუნდაც, სწრაფი ტესტირების ჩატარების საშუალებით. თუმცა, ესეც დისკრიმინაციად მიგვაჩნია, რადგანაც საქართველოს არც ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში გადაადგილებისას არ ხდება მოსახლეობის ტესტირება. ეს რეგულაცია, გარდა იმისა, რომ ამძიმებს ამ ხალხის ისედაც აუტანელ ყოველდღიურობას, არის ანტიკონსტიტუციური.
გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას, გააზიაროთ და მოუწოდოთ თქვენს მეგობრებსაც იგივე. მით უფრო, რომ საქართველოს მთავრობა თვითონ არ აღიარებს საკუთარ ტერიტორიალურ მთლიანობას.
1989 წლის 9 აპრილიდან 32 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას კვლავ გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის”,-ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.
ამჟამად პეტიციას 500-მდე ხელმომწერი ჰყავს.