მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოლიდარობის აქციას გეგმავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ლოპოტა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გაშლილ კარავთან სოლიდარობის აქცია ჩატარდება. აქცია ხვალ, 14 აპრილს გაიმართება და ნამახვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

აქციის ერთ- ერთი მხარდამჭერის, ნათია რაზიკაშვილის ინფორმაციით, სოფელ ლაფანყურში, სოლიდარობის მსურველების მობილიზაციისთვის, განცხადებები დაიბეჭდება.

” ყველა ვიკრიბებით და ნამახვანში მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას გამოვუცხადებთ. დაიბეჭდება განცხადებებიც და გამოკრული იქნება სოფლის უბნებში”- აცხადებს რაზიკაშვილი.

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად, კარავი სოფელ ლაფანყურთან 22 მარტიდან დგას. ხეობაში 6 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობისათვის, კომპანია “ლოპოტა- ართანამ” ნებართვა 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო, მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.
თითქმის ექვსი თვეა პროტესტი გრძელდება რიონის ხეობაშიც.

ადგილობრივი მოსახლეობა, ნამახვანის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია.
პროექტის მიხედვით, ჰესების კასკადის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ იქნება.
ის ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა და საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია.

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, რომელთა შორის 14 ეკლესიაა, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

მთლიანად წყლით დაფარვა ემუქრება სოფლებს მოლეკურას, ქვედა ონჭეიშს, მექვენა-ვანიჭალას და 13 არქეოლოგიურ ობიექტს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულით თარიღდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button