გიორგი გახარიას გუნდი შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს

შეთანხმების დოკუმენტს გახარიას გუნდი ხელს მოაწერს, ამის შესახებ პარლამენტისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს.
“მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მსურს გახარიას გუნდის პოზიცია დავაფიქსირო: პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად აქციეს, ამით შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი.
ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა, ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება. ეს არსებული კრიზისის განმუხტვის და შემცირების შესაძლებლობაა, რასაც ჩვენ გმოვიყენებთ და დოკუმენტს ხელს მოვაწერთ,”- აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.
შეგახსენებთ, 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ 19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმების კომპრომისულ დოკუმენტს.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
• “ქართული ოცნება”
• დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. თავად პარტია ხელს არ აწერს შეთანხმების ტექსტს.
• დოკუმენტს ხელი მოაწერა დავით ბაქრაძემ.
• “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ
• “ლელო”.
• “რესპუბლიკური პარტია”
• პარტია “მოქალაქეები”
• “გირჩი”
• “გირჩი – მეტი თავისუფლება”
დოკუმენტს ხელს ჯერ-ჯერობით არ აწერენ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია”.