კახეთის ორ მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის ჭალაში და თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის სატყეო უბანში, მოქალაქეებმა კაკლისა და რცხილას სახეობის ხეები მოჭრეს.
” კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ სამართალდარღვევის შესახებ ოქმებია შედგენილი და მათ მიმართ სანქციების გამოყენებაზე, შესაბამისი რაიონული სასამართლო იმსჯელებს”- აცხადებენ დეპარტამენტში.
გარემოსდამცველი კახა სუხიტაშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები, რეგიონში ბევრად მეტია.
” ფაქტები ბევრად მეტია, ვიდრე რეალურად გამოვლენა ხდება. საქმე იმაშია, რომ ტყის კონტროლი სატყეო სააგენტოს ჩოართვეს და ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცეს. პარალელურად, უნდა მომხდარიყო ადამიანური რესურსით და ფინანსურად ამ სამსახურის გაძლიერება, რაც არ მოხდა. ამავდროულად, სატყეო სამსახურს, რეფორმის შემდეგ, ტყის აღდგენაც ევალება, რაც რეალურად ვერ ხორციელდება. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ სახელმწიფო, ზამთრის სეზონზე თვალს ხუჭავს უკანონო ჭრებზე. მიზეზი გახლავთ ის, რომ ალტერნატივას ვერ სთავაზობს მოსახლეობას, ამიტომ რეაგირებას ვეღარ ახდენს”- განაცხადა სუხიტაშვილმა.
კახეთის რეგიონში 350 ათასი ჰექტარი სხვადასხვა სახეობის ტყეა, რომლის კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ევალება.