მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მედიაჰოლდინგი ჰერეთი უსამძიმრებს TV პირველს და სრულიად საქართველოს

მედიაჰოლდინგი ჰერეთი უსამძიმრებს ტელეკომპანია “პირველის” თანამშრომლებს ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ლექსოს ოჯახსა და ახლობლებს.

მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კანონის უზენაესობის აღსრულება და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

ჰერეთის სამივე რადიოსადგური: რადიო ჰერეთი FM102.8 , რადიო თბილისი FM93.5 და რადიო ცოიტრუსი FM97.3, 16:00 საათიდან საგანგებო საინფორმაციო გამოშვებებს შესთავაზებს მსმენელს, ასევე 18:00 საათიდან პირდაპირ ეთერში გადასცემს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციასა და ერთობლივ სატელევიზიო სიგნალს, რომელიც სხვადასხვა ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერის რეჟიმით გავრცელდება.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია – მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ჟურნალისტებზე ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“,– წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდზე” თავდასასხმელად ემზადებოდა, თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა პრაიდის ჩატარებას. მის ამ განცხადებას სამოქალაქო სექტორი ძალადობის წახალისებად აფასებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button