აიისამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
ინფორმაციას ამის შესახებ იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ადასტურებს.
“სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, იქ სადაც ირჩევენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ თუნდაც მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელება”, – წერია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში.
დავა ეხებოდა 4 დიზაინის პრეზერვატივს, მათ შორის თამარ მეფისა და “ძლევაი საკვირველის” გამოსახულებით.
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). ის 500 ლარით დააჯარიმეს და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს.
საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრენდი აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს.
მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.