ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის მონაწილეობით საქართველოში სამხედრო წვრთნები იწყება
საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად უკვე გაიხსნა. სწავლებაში NATO-ს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
სწავლება, რომლის გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“, მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას და მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
წვრთნებს ატარებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ევროპის და აფრიკის სარდლობა.
სწავლებაში, რომელიც 6 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის ძალების სამხედროების გარდა მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები.
უცხოელი სამხედროები საქართველოში საერთაშორისო წვრთნებისთვის საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოვიდნენ. ფოთის პორტში კი სწავლებაში მონაწილეობისთვის ამერიკული ტექნიკით დატვირთული გემი შემოვიდა.