საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ოპოზიციის მშვიდობიან აქცია-მსვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქის პარალიზების საშუალებას არავის მისცემს.
ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ შსს-მ უკვე განმარტა, რა არის შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი, ასევე რას მოიაზრებს ეს კანონი.
სამართალდარვევის შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის მყისიერ ზომებს.
როგორც სირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მსვლელობისას განაცხადა, პოლიცია ადგილზე იმყოფება, რათა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.
“სწორედ იმისთვის არის პოლიცია, რომელიც მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის მყისიერ ზომებს, სამართალდარღვევის შემთხვევაში. არავის მივცემთ საშუალებას, რომ მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით მომიტინგეები მშვიდობიანი მსვლელობით დაიძრნენ მარჯვენა სანაპიროზე. ასობით ადამიანი ახლა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი, სპეციალური ტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.
ორივე სანაპიროს ბლოკირება ნიკა მელიამ გუშინ, 14 ნოემბერს დააანონსა. დღეს, 15 ნოემბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში “პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს”.