“ლევან კობიაშვილის დიპლომში შეუსაბამობა აღმოჩნდა”
ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის დიპლომში, რომელიც 2002 წელსაა გაცემული, შეუსაბამობა აღმოჩნდა.
მასში არსებული ჩანაწერის მიხედვით, დიპლომის მფლობელმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი და მას ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ “აფხაზეთის ხმა” ავრცელებს.
სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, “2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს”.
თავისთავად, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლში სიტყვა “ბაკალავრი” 2007 წელს მიღებული ცვლილებების შემდეგ გაჩნდა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო უკვე მიერთებული იყო ბოლონიის პროცესს.
ვინაიდან ლევან კობიაშვილის დიპლომის იმ ასლზე არაა დატანილი წარწერა “გამეორებით”, რაც დიპლომის მხოლოდ ახალ ბლანკზე გაცემას დაადასტურებდა, ჩანაწერი შეუსაბამოა, რადგან 2002 წელს საქართველოს ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის, ვერც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვერ გასცემდა ბაკალავრის დიპლომს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილის სპორტული კარიერა 1996-2001 წლებში, რაც ემთხვევა სტუ-ში სწავლის პერიოდს, საკმაოდ დატვირთული იყო. 1997 წლიდან კობიაშვილი ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშობდა, ხოლო 1998-2003 წლებში გერმანული “ფრაიბურგის” შემადგენლობაში გამოდიოდა.