აქვს თუ არა ქართულ მხარეს “ინტერ რაოსთან” წაგებული საქმის გასაჩივრების უფლება
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან, საარბიტრაჟო დავა წააგო. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს, თუმცა აზუსტებენ, რომ “ინტერ რაოს” მოთხოვნა (200 ათასი ლარი) არბიტრაჟმა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრდება სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.
ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება, რადგან არბიტრაჟს არანაირი ,,ზედა ინსტანცია” არა აქვს და დაკისრებულ 80.5 მილიონ დოლარს არაფერი ეშველება. მათი მტკიცებით, შესაძლებელია მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე დავა, გადაწყვეტილების შინაარსის გადახედვა კი გამორიცხულია.
“ბიზნესრევიუ” იურიდიული დეტალების დასაზუსტებლად ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” პრეზიდენტს, არჩილ კაიკაციშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ქართულ მხარეს კანონით მხოლოდ ერთდჯერადად აქვთ. ამ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და ვეღარ გასაჩივრდება.
არჩილ კაიკაციშვილი “ბიზნესრევიუს” ასევე უხსნის იმასაც, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს “წაგებული” საქმის შინაარსი, რაც, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. მოქალაქეებს აქვს უფლება, იცოდნენ, რატომ წააგო ქართულმა მხარემ დავა, რამდენად მყარი იყო საქმის წარმოებისას ქართული მხარის სამართლებრივი არგუმენტები, რა არგუმენტები წარადგინა “ინტერ რაომ”, რამდენად შეძლო საქართველომ საკუთარი ინტერესების ჯეროვანი დაცვა. უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ ამ საქმისადმი მოქალაქეობრივი ინტერესი მაღალია, რადგან საუბარია სოლიდურ თანხაზე, 80 ათას დოლარზე, რომლის გადახდა/არგადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელსაც ავსებენ საქართველოს მოქალაქეები. ამიტომაც მთავრობა ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე, გააცნოს ამ საქმის დეტალები.
არჩილ კაიკაციშვილი “ბიზნესრევიუსთან” საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ “ინტერ რაოს” საჩივარი არბიტრაჟმა მხოლოდ ნახევრად დაუკმაყოფილა და შესაძლებელია კომპანიამ თავადაც გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება უფრო მეტი შედეგის მისაღებად. აპირებს თუ არა ამას რუსული ენერგოგიგანტი, ჯერ ცნობილი არაა. უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ ნების შემთხვევაში, მხარეებს შორის მორიგების სამართლებრივი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოს მოსახლეობისთვის დენის ტარიფებზე.
ამ საკითხზე კომენატრი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც. ნათია თურნავას შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. თურნავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სწორედ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.
დავა საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის 2017 წლიდან მიმდინარეობს და ვალუტის საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. რუსული კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალი. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწნებს, რის გამოც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რუსული კომპანია კი ამტკიცებს, რომ აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს უნდა მოეხდინა კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტა, ლარი, 2014 წლის შემდეგ დოლართან 80%-ზე მეტით გაუფასურდა. უკვე 2016 წლიდან Inter Rao-ს ჰოლანდიურმა შვილობილმა კომპანიამ მოითხოვა ზარალის ანაზრაურება და მიუთითა, რომ კურსის გაუფასურების ტარიფში გაუთვალისწინებლობით სახელმწიფო მათ ინვესტიციებს ზიანს აყენებდა. მათივე მტკიცებით, ეს ყველაფერი 2003 წელს გაფორმებულ ნასყიდობის შეთანხმებასთან და 2013 წელს გაფორმებულ მემორანდუმთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
მე შეგახსენებთ, რომ Inter Rao ფლობს დედაქალაქის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის “თელასის” აქციების 75 %-ს. ჰოლანდიაში დაფუძნებული Gardabani Holdings B.V.-ით კი ფლობს “ხრამჰესი 1-ს” და “ხრამჰესი 2-ს”.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მოქმედებს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. ესაა ხელშეკრულება, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან, ჯერ კიდევ 2008 წელს გააფორმა. დოკუმენტს “გრიფიდ საიდუმლო” ადევს.
„ინტერ რაოს“ უარი 200 ათასი ლარის გადახდაზე კახა კალაძემ უთხრა, როცა ის ენერგეტიკის მინისტრი იყო. სწორედ ამის შემდეგ მიმართა კომპანიამ არბიტრაჟს. კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე. რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
„კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დავაში საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული ფირმა White & Case იცავდა, რუსულ ენერგოკომპანიას კი Freshfields Bruckhaus Deringer-ი და Dentons-ი წარმოადგენდნენ.
ავტორი: ბელა გელაშვილი