მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს.

38 წლის, შშმ პირის სტატუსის მქონე, მზევინარ ჭუჭულაშვილი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მიტოვებულ სახლში ცხოვრობს.

ჭუჭულაშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ბავშვებისათვის გამოყოფილი სოციალური დახმარებაა, რაც ძირითადად, პურის შესაძენად ჰყოფნის.

” ეს თანხა არაფერში გვყოფნის, მხოლოდ პურს თუ ვიყიდით. ძირითადად, მეზობლები გვეხმარებიან, თუ არადა, მშივრები ვართ. მე თვითონ ფიზიკურად ვმუშაობ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, რომ ცოტა თანხა ვიშოვო. ტანსაცმელს და სასკოლო ნივთებსაც გვჩუქნიან, ჩვენი შემოსავლით რამის ყიდვა შეუძლებელია”- ამბობს ჭუჭულაშვილი.
ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ მზევინარ ჭუჭულაშვილი, 9 და 5 წლის შვილებთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში, ძირითადად, მეზობლების და ახლობლების დახმარების იმედად ცხოვრობს.
მაკა ბიჭაშვილი, რომელიც ქალის ნათესავია, რადიო ჰერეთთან ყვება, რომ მცირეწლოვანი ბავშვების დედას, საცხოვრებელი სახლი, მამამთილმა წაართვა და ღია ცის ქვეშ დატოვა.
” ქმრის ნაყიდი სახლი ჰქონდა საქობოში. ის ბიჭი რომ დაიჭირეს, მამამთილმა გადაიფორმა და პატარა ბავშვებით ქუჩაში დატოვა.

სად არ იარეს, ხან ძმასთან რჩებოდა, ხან ჩვენთან, ხან სხვასთან. ბოლოს ეგ მიტოვებული სახლი ნახეს და არიან. პატარას შაქარი აქვს და მისი წამლის ფულიც არ აქვთ. უფროსი სკოლაში დადის, მაგრამ ონლაინში რომ გადავიდნენ, მთლად გამოეთიშა პროცესს, სკოლაში მიცემული კომპიუტერი გაფუჭებული აქვს. ახლა ზამთარი მოდის და არც შეშა აქვთ, არც გაზი. რაღაც ნარჩენებს აგროვებს- ხოლმე, რომ ღუმელი აანთონ”- ამბობს ბიჭაშვილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, მალხაზ ბეგიაშვილი განმარტავს, რომ გაჭირვებული ოჯახებისათვის, მერიას აქვს ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და სადღესასწაულო დღეებში ნობათების გადაცემის შესაძლებლობა.

” სანამ მოადგილედ ვმუშაობდი, სოციალური მიმართულება არ მეხებოდა, ამიტომ პრაქტიკა რაც არის, ამ წუთში შემიძლია მხოლოდ ეს გითხრათ. გაიცემა ფულადი დახმარება, ერთჯერადად 100- დან 200 ლარამდე და დღესასწაულებზე, ნობათების გადაცემა, რეესტრში მყოფი პირებისათვის.რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევას, დავუკავშირდებით ამ ოჯახს, გავარკვევთ მათ საჭიროებებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა დავეხმაროთ”- განაცხადა ბეგიაშვილმა.
ჭუჭულაშვილების ოჯახში მცხოვრები ორი მცირეწლოვანიდან, გოგონა 9, ხოლო ბიჭი 5 წლისაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button