ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.
ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1986 წლიდან იმდროინდელი კულტურის მინისტრის – ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი იგი “ერისიონის” მთავარი დირიჟორია.
130 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა დროს მასში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ჯემალ ჭკუასელი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს. მისი თქმით, ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა საქართველოს.
ჯემალ ჭკუასელი ოზურგეთში, 1935 წლის 18 მაისს დაიბადა.
1971-1973წწ. იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979წწ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986წწ. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; 1986-2015წწ. იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა “ერისიონი”) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორ; 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი;2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა; 2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — “ხელოვნების ქურუმი” გადაეცა.
2016 – თბილისის საპატიო მოქალაქე
1995 – ღირსების ორდენი
1990 – საქართველოს სახალხო არტისტი
1984 – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე