რეგიონი

ასე ფიქრობდი, ბახვა, ზუსტად 20 წლის წინ… მაშინაც იცოდი “როგორ გააკეთებდი ამას”-ოჯახი

ასე ფიქრობდი, ბახვა, ზუსტად 20 წლის წინ… მაშინაც იცოდი “როგორ გააკეთებდი ამას”….,-წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცოლ-შვილი.

“ერთ დროს ჩვენ ალბათ სუყველანი მოვკვდებით.სამწუხაროდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული თუ სად და როდის.მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ის,თუ როგორ გავაკეთებთ ამას”-წერდა ორი ათეული წლის წინ ბახვა ჩიქობავა უბის წიგნაკში.

54 წლის ბახვა ჩიქობავა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაიღუპა, დონეცკის ოლქში.

იგი აზოვის ბატალიონში იბრძოდა. 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრამდე, ის სამხედრო ინსტრუქტორი იყო. ძირითადად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პერიოდში შექმნილი აზოვის ბატალიონის ახალბედა წევრებს წვრთნიდა.

ბახვა ჩიქობავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს და 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსი იყო. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩიქობავა ქვეყნიდან წავიდა.

მას სენაკში ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი ცხედარი ამ დრომდე ჩამოსვენებული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button