პუტინი ემუქრება ყველას ვინც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გაიხედავს
მსოფლიოს რუსი დიპლომატის ენით პუტინმა შეახსენა, რომ ბირთვული საფრთხე კვლავ ძალაშია.

ვლადიმერ პუტინი სამეზობლოში ღიად ემუქრება ყველას, ვისაც ევროპული სურვილები აქვს და ვინც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გაიხედავს. მოსკოვის პოლიტიკური მადა რომ გაიზარდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ კრემლი მხოლოდ ნატოს არ დასჯერდა და ახლა კიევის ევროკავშირში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება. მსოფლიოს რუსი დიპლომატის ენით პუტინმა ისიც შეახსენა, რომ ბირთვული საფრთხე კვლავ ძალაშია.
კრემლის მორიგი მუქარა კიევს აღარ აშინებს. ოფიციალური პირებისთვის კი კრემლის პოზიცია თვალთმაქცობაა.
უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის შევსება გასულ თვეში დაასრულა. მოსკოვმა კი კიევს სამი თვის წინ ომი იმის გამო გამოუცხადა, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანების ამბიცია გაუჩნდა.
ნატოში განაცხადის შემდეგ რუსეთმა ფინეთს უკვე გაუგზავნა ღია მუქარა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტდა, ფინეთმა კი გაზის შეძენის ალტერნატიულ გზებზე ფიქრი უკვე დაიწყო.
ამასთან რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის ექსპორტს 24 მაისს, ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან შეუჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, ფინურმა ქსელის ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა, რომ რუსული კომუნალური კომპანია Inter RAO მიწოდებას ,,ბაზარზე გაყიდული ელექტროენერგიის გადასახადის მიღების პრობლემების გამო” წყვეტს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ მინიშნებები გააკეთა.
ფინეთი თავისი ელექტროენერგიის მხოლოდ 10%-ს ყიდულობს რუსეთიდან და Fingrid-ის თქმით, დეფიციტს ქვეყანა შვედეთიდან მეტი ენერგიის მოპოვებითა და ფინეთში წარმოების გაზრდით აინაზღაურებს.
ბალტიის ქვეყნების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს ფინეთის საზღვრიდანაც მალე მიუახლოვდება. განაცხადი გაკეთებულია, ჰელსინკი ნატოსგან დადებით პასუხს ელოდება.
ფინეთს, რომლის ტერიტორიის 11 პროცენტი რუსეთმა 83 წლის წინ მიიტაცა, დღემდე ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა. ნატოს კარის გაღებას ელის შვედეთიც, საიდანაც პუტინს უკვე შეუთვალეს, რომ აგრესიაზე პასუხი ექნებათ.
ნატო მზად არის, შვედეთსა და ფინეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დაჩქარებული წესით მიანიჭოს. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ალიანსის 30-ვე სახელმწიფოს პარლამენტები მიიღებენ. სანამ ნატოში გაფართოების საკითხზე მსჯელობენ, პუტინი საკუთარ ხელქვეითებთან ერთად განხილვას ფინეთისა და შვედეთიდან მომდინარე საფრთხეებს.
დღის ბოლოს ისიც გაირკვა, რომ შავი ზღვის რეგიონის ყველაზე გავლენიანი ლიდერი, თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ამბიციებისთვის შეიძლება პუტინმა მკაცრად დასაჯოს, მოლდოვაა. თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში რუსული არმიის 3 ათასიანი კონტიგენტი უკვე დგას. მალე შესაძლოა ევროპის პოლიტიკური და სამხედრო რუქა მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ და მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი უკვე გამოხატავს თავის ამბიციებს ევროპის კონტინენტის მიღმა.
ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს იმავე გზის გავლას, რომელიც ნატო-მ უკვე გაიარა, რითაც ადასტურებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შერწყმის ტენდენციას და, ასევე თქვა, რომ ევროკავშირი ფაქტობრივად, ნატო-ს დანამატი იქნება.