მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

დღეს 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამეტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა შესწორება, რომელიც ივანიშვილს ეხება, დოკუმენტში შევიდა.

“გამოვხატავთ შეშფოთებას დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კონტროლის დონით, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციებზე; მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭ დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

შესწორებაში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კავშირების გამო კრემლთან, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ “ და იქვე მოწოდებულია ივანიშვილისადმი პერსონალური სანქციების დაწესების განხილვა საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.

დამატების პირველი ნაწილი ხელის აწევით, მეორე ნაწილი კი, სადაც ივანიშვილისთვის პერსონალური საქნციების დაწესების განხილვისკენ არის მოწოდება 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო ევროპარლამენტმა რაც შეეხება თავად რეზოლუციას, შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.

რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button