ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნა17 ივნისს გამოაქვეყნდება

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა.
„პრესაში ვნახე, რომ კომისიამ თითქოს უკვე მიიღო გადაწყვეტილება გუშინ. ეს არის მცდარი ინფორმაცია. გუშინ კომისიას არაფერი გადაუწყვეტია. ჩატარდა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი ხედვა, თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხის შესახებ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება პარასკევს. კოლეგია ემზადება ამ დებატებისთვის, სამსახურები ასრულებენ დოკუმენტებს. ხუთშაბათს გაიმართება კაბინეტების დირექტორების შეხვედრა, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა ყველაფერი რიგზე კოლეგიის დღის წესრიგში პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ეს პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს არის სრულიად სტანდარტული პროცედურა, რომელიც მანამდეც გვქონდა“, – განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, ევროკომისართა საბჭო ახლა დებატებს ამზადებს და შესაბამისი სამსახურები დოკუმენტაციას ასრულებენ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სრული იმედი აქვთ, რომ დანიის სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების კუთხით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თვალსაზრისით.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა თქვას, რამდენად აქვს მას გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
„პარლამენტებს შორის ურთიერთობის გარდა, ჩვენთვის მთავარი თემაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს სრული იმედი, რომ დანიის სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების კუთხით და კანდიდატის სტატუსის თვალსაზრისით. ჩვენს კოლეგებთან აბსოლუტური თანხმობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არის ჭეშმარიტების მომენტი თავად ევროკავშირისთვისაც, რათა ევროკავშირმა გაგზავნოს სწორი სიგნალი მოლდოველი, უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ, ასევე, სწორი სიგნალი გააგზავნოს რუსეთის მიმართ. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის, როცა ველოდებით კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ეს მნიშვნელოვანია თავად რეგიონისთვის, რადგან ახლა არის მომენტი, როცა დგება საკითხი, რომ ევროკავშირმა უნდა თქვას, რამდენად აქვს მას გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. მათ შორის თანხმობა გვაქვს იმაზე, რომ ასოცირებული ტრიოს მიმართ უნდა იყოს თანაბარი მიდგომა და არ უნდა დავუშვათ ამ ტრიოს დაშლა. მნიშვნელოვანია, სამივე ქვეყანამ და სამივე ხალხებმა მიიღონ ის სოლიდარობის ნიშანი, რომელსაც სამივე ქვეყნის მოსახლეობა ელოდება. ასევე, მიიღონ აღიარების და მხარდაჭერის ის სიგნალი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება.