უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 ივნისს დღის მეორე ნახევარში, 16:00 საათისთვის დაეშვა.
აეროპორტში მას ოჯახის წევრები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დახვდნენ.
“საქართველოდან უფრო ადრე წავიდა, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჯერ იყო ესტონეთში, შემდეგ პოლონეთში, სამუშაოდ იყო წასული. ომის დაწყებიდან მალევე, 6 მარტს წავიდა უკრაინაში, სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა – წინახაზელების ზურგში იბრძოდა… დონბასში იბრძოდა, გამოჰყავდა უკრაინელი დაჭრილი მებრძოლი და მაგ დროს ზურგში მოხვდა ტყვია. როცა ნახეს გარდაცვლილი, დაჭრილი ხელში ეჭირა”, – უთხრა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა, გიორგი მეზვრიშვილმა.
ზვიადაურს ქაშვეთის ტაძარში დაასვენებენ. 26 ივნისს პანაშვიდი გაიმართება, 27 ივნისს კი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„ალუდა საქართველოს თავისუფლებას შეეწირა, ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. დაჭრილი გამოჰყავდა და ტყვია მოარტყეს. საკონტროლო ტყვიაც აქვს დახლილი“, – აცხადებს დაღუპულის ახლობელი.
ზვიადაურის გარდაცვალების შესახებ ცნობილი 18 ივნისს გახდა. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ქართველი ჯარისკაცების თქმით, ზვიადაურს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ზურგში სწორედ ამ დროს ესროლეს.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.