აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი, რომელთა შორისაა ოთხი ერთეული საარტილერიო სისტემა HIMARS და კიდევ 4 სარაკეტო სისტემა ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მიზნად რუსული საარტილერიო შეტევების წინაშე მყოფი უკრაინის გაძლიერებას ისახავს.
მედიის ცნობით კი აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ დამატებითი HIMARS-ის გადაცემით, საერთო რაოდენობა 12 ერთეულამდე გაიზრდება.
„უკრაინული ძალები ახლა წარმატებით უტევენ რუსულ ლოკაციებს უკრაინის ტერიტორიაზე, უფრო ღრმად ფრონტის ხაზს მიღმა და არღვევს რუსეთის უნარს, ჩაატაროს საარტილერიო ოპერაცია“, – განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა.
ამასთან დაპირებული 8 HIMARS სისტემა აშშ-დან უკრაინაში უკვე ჩავიდა. გარდა ამისა აშშ-ის ძალებმა 100 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნეს ამ სისტემის გამოყენებაზე.
მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს 1000 ვაზნას, ახალი ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომელსაც უკრაინას დასავლელი მოკავშირეები აწვდიან.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახალი საარტილერიო სახის დახმარება უფრო მეტად ზუსტია, ვიდრე წინა დახმარება, რომელიც პენტაგონმა წარმოადგინა.
აშშ-მ უკრაინისთვის სარაკეტო იარაღის გადაცემა გასულ თვეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც კიევისგან მიიღო გარანტია, რომ უკრაინა იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის არ გამოიყენებდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა საერთო ჯამში 7,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გამოყო ოფიციალური კიევისთვის.