PT-91 Tward-ის მოდელის ტანკები და საზენიტო-სარაკეტო სისტემა Gepard უკვე უკრაინაშია
პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი, ადასტურებენ ცნობას, რომ პოლონეთის მიერ დაპირებული PT-91 Tward-ის მოდელის ტანკები უკვე უკრაინაშია. საინტერნეტო გამოცემა “უკრაინსკა პრავდას” ცნობით ტანკების ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური წყაროები არაფერს ამბობენ.
“PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან – უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს ერმაკი.
პოლონეთის ნაციონალური თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტოს წარმომადგენლის, კშიშტოფ პლატეკმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის გადაცემული ტანკების შედეგად წარმოქმნილი ვაკუუმის შევსებას ვარშავა სამხრეთ კორეიდან მიღებული ტექნიკით შეეცდება.
PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. ის 90-იან წლებში შეიქმნა და არის საბჭოთა წარმოების ტანკის, T-72-ის მოდიფიკაცია. ამ ვერსიის მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავა, განახლებული ცეცხლის მართვის სისტემა და დინამიური ჯავშანი.
მანამდე უკრაინამ პოლონეთისგან 200 ტანკი T-72 მიიღო. ივნისის დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინის არმიისათვის ვარშავამ 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების (AHS Krab), სამი ბატარეა გადასცა.
გარდა ამისა, აღნიშნული იარაღის ექსპლუატაციის მიზნით, პოლონეთმა თავის ბაზებზე 100 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა.
გარდა პოლონეთის დახმარებისა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანიიდან გაგზავნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემა Gepard-ის პირველი პარტია, რომელშიც სამი ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალა შედის.
“უკვე შემიძლია გაცნობოთ, რომ პირველი სამი Gepard-ი დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. უკვე დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არიან”, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრისვე თქმით ივლისის ბოლომდე უკრაინა გერმანიისგან მთლიანობაში 15 ასეთ თვითმავალ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა.
“ამრიგად, ჩვენ უკრაინას მივცემთ შესაძლებლობას, დაიცვას მთელი ქალაქი რუსეთის საჰაერო რეიდებისგან”, – განაცხადა კანლერმა ოლაფ შოლცმა 16 ივნისს კიევში, ოფიციალური ვიზიტის დროს.
გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის თანამედროვე რადარს, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაუბიცების, ნაღმმტყორცნებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.