მმართველი პარტიას, კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას” ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას.
როგორც მან თავად განმარტა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან” არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა.
„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შესაბამისად, გურამ მაჭარაშვილი ტოვებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობასაც.
მაჭარაშვილი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ უერთდება მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის შექმნილ ჯგუფს, რომლებმაც პარტია “სიმართლის თქმის” მიზნით დატოვეს.
“როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ [პარტიის დატოვება], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაფუძნების დღიდან მაკავშირებს წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის, აქედან გამომდინარე, როცა განცხადებას ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ამას სხვა წონა აქვს, ვიდრე იმ ადამიანს, რომელიც არის დამოუკიდებელი”, – უთხრა “TV პირველს” მან.\
დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი “ქართული ოცნების” რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ “არიან დიდი ძალები”, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ “საზოგადოების სიმართლით აღჭურვა” აქვთ დასახელებული.
100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.