სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიდის

ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ბახმუტის ტერიტორია, დაახლოებით, 250-ჯერ დაბომბეს. უკიდურესად დაძაბულია ვითარება სოლედარშიც. უკრაინული ძალების ინფორმაციით, ადგილზე ქუჩის ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“ბახმუტის მიმართულებით, სოლედარის რეგიონში ახლა სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მძიმე ვითარების მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან. მტერი წარუმატებლად ცდილობს გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა და დაიპყროს სოლედარი, რომელსაც დიდი დანაკარგები აქვს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, დღეს ქალაქის მისადგომები ფაქტობრივად სავსეა პუტინის მიერ მოკლული სამხედროების ცხედრებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები მაქსიმალურ გამძლეობას და გმირობას აჩვენებენ.
10 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები სოლედარს იცავენ, მძიმე ბრძოლები კი გრძელდება. მალიარის თქმით, მტერი ყურადღებას არ აქცევს სამხედრო პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შეტევას აგრძელებს.
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის რაიონში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 100-ზე მეტი სამხედრო.
სარდლობის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგეზე, რომლის თავმოყრა რამდენიმე მონაკვეთზე აღმოაჩინეს სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორებმა, განხორციელდა საარტილერიო დარტყმები, ერთ მონაკვეთზე კი, გამოყენებული იყო ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა-უ“. კონკრეტულად როდის ჩატარდა ეს ოპერაცია, მითითებული არ არის.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების ოპერატიულად შემოწმება ვერ ხერხდება.
დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი ამ ეტაპზე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. რაც შეეხება ქალაქ სოლედარს, ის დასახელებულია ბახმუტის მიმართულებით მდებარე იმ დასახლებულ პუნქტებს შორის, რომლებსაც რუსული ძალები უტევენ ტანკების, ნაღმმტყორცნების და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით.
ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გამართული სხდომის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ზელენსკის თქმით, განიხილეს შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხი.
“მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ფრონტის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ხაზს ვუსვამ, რომ ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის”, – წერს ზელენსკი.