ოკუპანტები კვლავს ბომბავენ და ანადგურებენ უკრაინის ტერიტორიებს-ბრძოლის 335-ე დღე უკრაინაში

ოკუპაციის 335-ე დღე უკრაინაში. რუსული ძალები ბახმუტისა და ავდეევკას ფრონტზე შეტევებს განაგრძობენ. სუმის ოლქში ესმანის დასახლებაში რუსული არტილერიის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი. სუმში, ასევე, დაიბომბა ქალაქ ვოროჟბას ცენტრი, შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის სიახლოვეს, დასახლება დაბომბეს, შედეგად გარდაიცვალა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი. დაზიანდა 9 საცხოვრებელი, ასევე, ელექტროენერგიისა და გაზის გაყვანილობები.
რუსულმა ძალებმა ასევე, დაარტყეს, სოფელ ანტონივკას ხერსონის ოლქში, შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივი-იარი დაბომბეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
მისი ცნობით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქის საცხოვრებელ უბანზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ქსელების დაზიანების გამო მიკრორაიონში შეწყდა გაზისა და დენის მიწოდება.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქი, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს „გრადები“. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი ჟივიცკის ცნობით, დაღუპულია ერთი ქალი, სამი პირი დაშავებულია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
რუსმა სამხედროებმა უკრაინის რვა ოლქი, დონეცკი, ხერსონი, ხარკოვი, სუმი, მიკოლაევი, ჩერნიჰავი, ზაპოროჟია და ლუჰანსკი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოლქების მერების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაშავდა ექვსი.
დონეცკის მერის, პავლე კირილიენკოს განცხადებით, დაბომბვას სამი სამოქალაქო პირი შეეწირა, სამი კი დაიჭრა.
ხერსონის ოლქის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, ოლქი რუსმა სამხედროებმა 29-ჯერ დაბომბეს, MLR-ის ტიპისა და საარტილერიო ნაღმტყორცნების გამოყენებით. ხერსონში დაბომბვას ერთ ადამიანი შეეწირა.
ხარკოვის ოლქში, 24 იანვრის დილით დაიბომბა კუპიანსკი. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქალაქში ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.
დაბომბვის შესახებ იტყობინებოდა ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაცია. მათი ინფორმაციით, რუსული ცეცხლის ქვეშ მოჰყვა 24 დასახლებაში არსებული სამოქალაქო საცხოვრებლები.
კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა 23 იანვრის ღამეს სუმის ოლქში მომხდარი დაბომბვისას.
რაც შეეხება ლუჰანსკის ოლქს, აქ რუსები 9 დასახლებას დაესხნენ თავს. ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.
მსხვერპლი არ მოჰყოლია დაბომბვას მიკოლაევში და ჩერნევის ოლქებში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსულ ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ.
“ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის დაზვერვის შეფასებით, რუსული ძალები ემზადებიან შეტევისთვის 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, ნაწილობრივ ადასტურებს ISW-ს შეფასებას, რომ რუსეთის ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი აგრძელებს ირანთან სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სანქციების ორმხრივად აცილების მიზნით.
23 იანვარს, რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თეირანში შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ ღალიბაფს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
“რუსეთის ოფიციალური პირები და საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებენ ძალისხმევას ოკუპირებული ტერიტორიების რუსულ სოციალურ, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ სისტემებში ინტეგრირებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსხვავებული აზრის აღსაკვეთად”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 10 დღეა ლუგანსკის ოლქის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში შეიმჩნევა რუსეთის სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება. უკრაინის გენშტაბის თანახმად, პრაქტიკად იქცა, რომ წინა ხაზზე ძირითადად, მობილიზებულებს უშვებენ, რეგულარული ჯარების სამხედროები კი, ყველა საშუალებით ცდილობენ ზურგში დარჩენას.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ლუგანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ქალაქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის სამხედროთა ოჯახების ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.