რუსეთი ავდეევკასა და მარინკასკენ მიიწევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, რუსული ძალები კი ავდეევკასა და მარინკასკენ მიიწევენ.
“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების სრულად აღებაზე. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებით.
სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტის სახმრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. მტერმა ასევე აწარმოა შეტევითი ოპერაციები ავდეევკას მიმართულებით, რათა კონტროლი დაემყარებინათ ავდეევკასა და მარინკაზე”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის თქმით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებს, ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს და ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
“რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 21 მარტს, რუსებმა დონეცკის ოლქის 4 მცხოვრები მოკლეს: 2 ქალაქ ჩასოვ იარში, 1 კრასნოგოროვკაში და 1 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 5 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
21 მარტის დილის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 1420 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3244 კი დაშავდა.
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.
დღეს რუსების მიერ გასროლილი რაკეტები მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. იერიშს წინ უძღოდა განგაშის სირენების ხმა, რომელიც დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ისმოდა. საჰაერო განგაშის დროს ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორ ცხრასართულიან კორპუსში 32 დაშავდა, 27 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის 3 ბავშვი. დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთმა ოდესის ოლქი დაბომბა. არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთმა დარტყმები „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით განახორციელა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. თუმცა, ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმა ზღვიდან განახორციელა.
უკრაინაში დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
განგაში ჯერ უკრაინის დედაქალაქ კიევში გამოცხადდა და შემდეგ ეტაპობრივად მოიცვა კიევის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და დონეცკის ოლქები.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 04:50 საათისთვის შეწყდა. რუსული დრონებით შეტევის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.