უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება თუმცა ოკუპანტები წინსვლას ვერ ახერხებენ

უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება. ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში საარტილერიო ჭურვებიდან 300-ჯერ ისროლეს. დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. რუსები კვლავ უშედეგოდ ცდილობენ ავდიივკას ალყაში მოქცევას.
ოკუპანტებმა ანექსირებული ტერიტორიიდან თავისი მიმდევრების ევაკუაცია დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ბიზნესმენები ყირიმში საქმიანობას აჩერებენ და უძრავ ქონებას ყიდიან.
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ფუნდამენტურ შიდა ტრანსფორმაციას განიცდის. უსაფრთხოების თანამშრომლები შიდა საფრთხეებს ანეიტრალებენ. შევხვდი მსოფლიო ბანკის დელეგაციას. ჩვენ არ ვკარგავთ არცერთ დღეს და ყველა დონეზე ვმუშაობთ. განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის მიმდინარე პროექტები და ასევე პერსპექტიულ ახალ პროგრამებზეც ვისაუბრეთ. ყურადღება გავამახვილეთ რეკონსტრუქციაზე – ყველაფერზე, რაც უნდა გაკეთდეს უკრაინის ბევრ ქალაქსა და სოფელში, რომლებიც ოკუპანტების მიერ ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა. მტერმა უნდა იცოდეს, რომ არ ვაპატიებთ ჩვენს ხალზე თავდასხმას,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსმა დამპყრობლებმა რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკის ცენტრი და ქალაქის ინდუსტრიული ზონა – ამის შესახებ კრამატორსკის საკრებულო მერის, ალექსანდრე ჰონჩარენკო იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსები ზაპოროჟიეში მოსახლეობის ბინებსა და სახლებში მასობრივ ჩხრეკას აწარმოებენ.
“ბინებსა და სახლებში მასობრივ ჩხრეკას აწარმოებენ. დღეს დილით მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანს ალყა შემოარტყეს. ადგილობრივ მოსახლეობას შორის იძულებითი პასპორტიზაცია სულ უფრო მეტად იზრდება”, – თქვა მელიტოპოლის მერმა.
ფედოროვის თქმით, რუსი ოკუპანტები ემზადებიან ევაკუაციისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემთხვევაში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალები უკვე ერთი კვირაა, რაც ევაკუაციის საკითხს განიხილავენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსები ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით უფრო ფრთხილად მოქმედებენ, ვიდრე ბახმუტში.
“რუსი ოკუპანტები ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით ძირითადად იყენებენ თავიანთი ჯარის რეგულარულ ქვედანაყოფებს და უფრო ფრთხილად მოქმედებენ, ვიდრე ბახმუტის რეგიონში.
დანაკარგები აქ [ლიმანი-კუპიანსკი] გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბახმუტის მიმართულებით. ამიტომაც, მათ არ აქვთ პროგრესი. ამის მიუხედავად, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი აქტიურობს”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
უკრაინის ცნობით, ბახმუტი ყველაზე სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრად რჩება. შეიარაღებული ძალები უარყოფს ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციას, რომ ფრონტის ამ სექტორზე ოკუპანტების შეტევა შეჩერდა. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია.
ხერსონის საქალაქო საბჭო ქალაქის მუდმივი დაბომბვის გამო, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
“რუსული ჯარები აგრძელებენ ჩვენი ტერიტორიული ნაწილის ტერორს. ყველაზე მეტად დნეპრთან მდებარე დასახლებები ზარალდებიან. მუდმივი თავდასხმების გამო, იქ თითქმის შეუძლებელია სტაბილური სითბოს და წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
საუკეთესო ვარიანტი საკუთარი თავის და თქვენი საყვარელი ადამიანების დასაცავად, არის ევაკუაცია უსაფრთხო რეგიონებში”, – აცხადებს ხერსონის საქალაქო საბჭო.
24 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი კიდევ ერთხელ დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 მარტს განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 50-ზე მეტი სოფელი თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო.
„ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში, მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის ასეთ შეურაცხყოფას, ჩვენ არ ვაპატიებთ ამ სიკვდილსა და ნგრევას. მინდა, სათითაოდ მივესალმო ყველა ჩვენს მეომარს, ვინც მტერს საპასუხო დარტყმებს აყენებს. ვინც არკვევს იმ პოზიციებს, საიდანაც ჩვენი ქალაქები იბომბება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი შეტევას ახორციელებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეესკის, მარინკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის პოზიციებს იკავებენ და დასახლებებს ბომბავენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით სიტუაციის სტაბილიზაცია შესაძლებელი გახდა უკრაინის თავდაცვის ძალების ტიტანური ძალისხმევის შედეგად. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები 16-ჯერ დაბომბა. უკრაინელმა სამხედროებმა ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, საბრძოლო მასალის საცავი, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებული საარტილერიო დანადგარი და ორი ელექტრონული ომის სადგური დაბომბეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.