მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართული ოცნება პრო-პუტინისტური და პრო-რუსული ჯგუფია-ჰოლოვეი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს. დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი გამოვიდა.

ქართული ოცნება პრო-პუტინისტური და პრო-რუსული ჯგუფია, – ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოვეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ „რუსეთის მარიონეტი გახდეს“.

“უკრაინა ერთადერთი ქვეყანა არაა რეგიონში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტია, ქართული ოცნება, პრო-პუტინისტური და პრო-რუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს იმის რისკის ქვეშ აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს გლობალური უსაფრთხოებისთვის ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონში.

ქართული ოცნების პარტია თავიდანვე რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი და რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაცია იყო. პარალელურად პრო-დასავლურობას და დემორკატიულობას იბრალებდნენ.

მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ რუსულ გარიგებებში იშოვა. მას ბრალი ედება, რომ საკუთარ სიმდიდრეს იმისთვის იყენებს, რომ ხმები იყიდოს და ერთგული პირები დანიშნოს საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა არჩევადი პოზიცია არ უკავია, მას დიდი კონტროლი აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე”, – განაცხადა მან.

ადამ ჰოლოვეიმ ისაუბრა აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კვდება.

„საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ყოვლისმომცველი კორუფცია ახლა ხდება ნათელი. ცოტა ხნის წინ აშშ-მა პირადი სანქციები შემოიღო ამჟამინდელი მთავრობის მიერ დანიშნული ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ამასობაში, ბატონი ივანიშვილის მოწინააღმდეგე, მიხეილ სააკაშვილი, ამ წამს კლინიკაში კვდება, მას შემდეგ რაც იგი მისი დასწრების გარეშე გაასამართლეს და დააპატიმრეს იმისთვის, რასაც მისი მომხრეები გაყალბებულ ბრალდებებს ეძახიან.

იგი მისი კლინიკის საწოლიდან ინფორმაციას გვაწვდის, რომ მისი პატიმრობის განმავლობაში მას სულ აწამებენ და დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მის სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის კვალი იქნა აღმოჩენილი.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2008 წელს, ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა და რუსმა სამხედროებმა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. მაშინ ბატონმა სააკაშვილმა გაგვაფრთხილა, რომ ეს პირველი ნაბიჯია პუტინის მისიაში, რომ აღადგინოს რუსეთის გავლენის სფერო და, შემდგომ, იმპერია, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. მან ასევე გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს შემდეგ პუტინის ყირიმისკენ გაიხედავდა…“,- დასძინა მან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციის კრიტერიუმებს.

„ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ ქვეყანამ მიმართულება შეიცვალა, ევროპასა და ნატოში ინტეგრაცია პოპულარული მიზნები რჩება ქართველებში და გამოკითხვები თითქმის საყოველთაო მხარდაჭერას აჩვენებენ. ეს მიზნები ასევე საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, მაგრამ ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც პრო-ევროპულობას და პრო-დასავლურობას იბრალებს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს. პარტიამ ასევე უკრაინისადმი მხარდაჭერის საბოტაჟი მოახდინა, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები უზარმაზარი რაოდენობით წავიდნენ რუსული შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინაში შეჭრის დასაწყისშივე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს შესაძლებლობა დაინახა და რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვა,” – განაცხადა ჰოლოვეიმ.

ამასთან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატებისას კონსერვატიული პარტიის წევრმა ადამ ჰოლოუეიმ განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

“თუ დასავლეთი კიდევ უფრო გაწელავს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს, ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და აუცილებელია, ამ პროცესის დაჩქარება“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.

ჰოლოუეის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, დასავლეთმა რუსეთს არ უნდა მისცეს უფლება დაამყაროს კონტროლი როგორც უკრაინაზე, ასევე საქართველოზე.

“ჩვენ ნება არ უნდა მივცეთ რუსეთს, რომ მოიპოვოს კონტროლი უკრაინაზე და ზუსტად ასევე, არ უნდა მივცეთ საშუალება კონტროლი მოიპოვოს საქართველოზე. დაუშვებელია, რომ ეს დემოკრატიული სახელმწიფო იქცეს რუსეთის სატელიტად, რაც ხელს შეუშლის რეგიონის წინსვლას, რადიკალურად გააუარესებს ამ რეგიონის მდგომარეობას” – განაცხადა დეპუტატმა.

მისი აზრით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა დაუჭიროს მხარი ქართველი ხალხის პოლიტიკურ თავისუფლებას, რათა რუსეთისადმი დაწესებული სანქციები საქართველოს დახმარებით არ შემსუბუქდეს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა “ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოლიგარქებს ეკისრებათ”.

“ჩემი აზრით, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერა, რათა რუსეთს არ შეუმსუბუქდეს სანქციები და საქართველო არ დაეხმაროს რუსეთს ამ სანქციების არიდებაში. ამ გადადგმულ პრორუსულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოლიგარქებს. ოლიგარქს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, კონტროლი დაამყაროს ქვეყანაზე ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით” – განაცხადა კონსერვატორმა დეპუტატმა.

ადამ ჰოლოუეიმ ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

მისი თქმით, მათ შორის, სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

“დროა, საქართველო დაუბრუნდეს თავის დემოკრატიულ ნორმებს და დაკმაყოფილდეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მის ამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ყველა ღონისძიება საჭიროა იმისთვის, რომ დამყარდეს პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიული საფუძველი და საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდეს, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობა, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ის გაცხადებული ნებაა.” – განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.

პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომელიც სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით საქართველოს 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსული ჯარები დგანან თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში.

თქვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ლეო დოქერტიმ.

27 აპრილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატები გაიმართა. დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი გამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button