პესკოვი უბრალოდ იტყუება სულ ეს არის თეთრ სახლს არაფერი აქვს საერთო

კრემლზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
თეთრმა სახლმა “სასაცილო” უწოდა მოსკოვის ბრალდებებს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ვაშინგტონის მონაწილეობის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
“შეერთებულ შტატებს ამასთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ არც კი ვიცით, ზუსტად რა მოხდა იქ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, სულ ეს არის,” განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, აშშ არ წაახალისებს და არ აძლევს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალებას და არ კარნახობს ოპერაციებს, რომლებსაც ის ატარებს.
მანამდე კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის პირით დაადანაშაულა შეერთებული შტატები ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმაში.
„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებას მსგავს ქმედებებზე და ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი კი უკვე აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან,“ თქვა პესკოვმა.
თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლებამ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, თავის მხრივ, ემხრობიან ვერსიას, რომ „კრემლზე თვითმფრინავის შეტევა“ ინსცენირებული იყო.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს მოუწოდებს არ გააძლიეროს თავდასხმები უკრაინაზე, მას შემდეგ რაც მოსკოვმა კიევი კრემლზე თავდასხმასა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ჩვენ გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი ადამიანის, ჯარისკაცი გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.
”ომის საუკეთესო გამოსავალი, ომის ერთადერთი გამოსავალი, არის, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავდასხმა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, – აღნიშნა ბორელმა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) თავად რუსეთის მიერ ინსცენირებულად მიიჩნევს უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე შეტევას, რომლის გამოც მოსკოვმა უკრაინა დაადანაშაულა. ამერიკელი ანალიტიკოსები ამ შეფასებას რამდენიმე არგუმენტით ამყარებენ.
რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო ხანს გააძლიერა ქვეყნის საჰაერო თავდაცვა, მათ შორის მოსკოვში, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორ დრონს გადაელახა სისტემის რამდენიმე შრე და პირდაპირ კრემლის შუაგულში აფეთქებულიყო ან ჩამოეგდოთ. თან ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვიდეოკამერით კადრების კარგად გადაღება.
შეტევა რომ ინსცენირებული არ ყოფილიყო, ეს რუსეთის ხელისუფლებისთვის იქნებოდა იმდენად მოულოდნელი, რომ დიდი ალბათობით, პირველი ოფიციალური პასუხები სრულიად არაორგანიზებული იქნებოდა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბალაკლეასა და ხერსონში სამხედრო მარცხის დროს.
ინციდენტზე კრემლის თანმიმდევრული და კოორდინირებული რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ თავდასხმა ქვეყნის შიგნით მომზადდა იმგვარად, რომ უხერხულობა პოლიტიკურ შედეგებს გადაეწონა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კრემლზე შეტევის ინსცენირებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რომ უკრაინაში ომი ეგზისტენციალური საფრთხეა და საჭიროა საზოგადოების მეტად მობილიზება. ამერიკელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ კრემლზე თავდასხმის ინსცენირებას რუსეთი გამოიყენებს გამარჯვების დღის, 9 მაისის, საზეიმოდ აღნიშვნის გაუქმების ან მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით.
3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით “კიევის რეჟიმს” ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან “დროულად” გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი “ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა”. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.3 მაისს, ფინეთში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.