29 საბრძოლო შეტაკება მოხდა- რუსეთმა უკრაინაში 210 350 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 4 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 14 სარაკეტო და 40 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 51-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობა წინა დღეების მსგავსად აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ამ ოლქებში 29 შეტაკება მოხდა.
უკრაინის გენერალური შტაბი არაფერს ამბობს კონტრშეტევაზე, რის შესახებაც წუხელ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 რადიოელექტრონული სადგური და საბრძოლო მასალების 4 საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 210 350 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 410 ჯარისკაცი, 11 ჯავშანტექნიკა, 12 საარტილერიო სისტემა და 11 ტანკი.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 5 ივნიდამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3848
ჯავშანტექნიკა – 7523
საარტილერიო სისტემა – 3567
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 584
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 349
თვითმფრინავი – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3189
ფრთოსანი რაკეტა – 1136
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6312
სპეცტექნიკა – 484
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.