უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მეტი ფულის მიცემა საბრძოლველად რათა რუსები დაამარცხონ შეცდომაა

გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ ფული საბრძოლველად, რათა რუსები დაამარცხონ, შეცდომაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში ფული აღარ არის და ორ-ნახევარი, სამი წლის შემდეგ ევროკავშირი ფინანსური გაკოტრების ზღვარზე მივიდა.
„არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი. ჩვენ რუსეთი ვერ დავამარცხეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს ამის წყალობით. შედარებით მაღალი ინფლაცია გვაწუხებს, ფული აღარ გვაქვს უკრაინელების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების ლიმიტს. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ გასცეს ის ომისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ ევროკავშირი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი დაიღუპება.
მიუხედავად ორბანის კრიტიკული განცხადებისა უკრაინის დასახმარებლად კვლავ მზად არიან მსოფლიოს ლიდერები
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა, – ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ უკრაინის გაფართოებული ფონდის (EFF) პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ფონდის ხელმძღვანელობას დაახლოებით 890 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საშუალებას აძლევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს თანხები საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება.
„მიუხედავად ომისა, უკრაინის ეკონომიკა იმაზე მეტ მედეგობას ავლენს, ვიდრე მოსალოდნელი იყო 2022 წლის მკვეთრი შემცირების შემდეგ. მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წელს 1-3 პროცენტამდე გაიზარდა, რადგან მიმდინარეობს შიდა მოთხოვნის აღდგენა, ინფლაცია მცირდება და სავალუტო რეზერვები კვლავ ძლიერია სავალუტო ბაზარზე სტაბილური კურსის ფონზე. ზოგადად, დაბალანსებული პოლიტიკის, ასევე მუდმივი და დროული საგარეო მხარდაჭერის წყალობით, შესაძლებელი გახდა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.
ფონდის ინფორმაციით, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი უკრაინის მხარდაჭერის 115 მილიარდ დოლარიანი მთლიანი პაკეტის ნაწილია.
აშშ აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ დისკუსია ბოლო დღეებში გააქტიურდა, რადგან უკრაინის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის ფრონტის ხაზი, შეჩერდა.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ საბრძოლო მასალა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უკრაინის კამპანიას უფრო წარმატებულს გახდის. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
კასეტური საბრძოლო მასალის გაშვება შესაძლებელია „მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებიდან“ (HIMARS) და 155 მმ-იანი ჰაუბიცებიდან. „პოლიტიკო“ წერს, რომ საბრძოლო მასალები ფართო ტერიტორიაზე ფანტავს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ „ბომბებს“, რაც პოტენციურად კლავს მშვიდობიან მოსახლეობას განზრახულ სამიზნეებთან ერთად.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, აშშ არ არის კასეტური ბომბის გამოყენების საერთაშორისო აკრძალვის მონაწილე. ესაა კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ 2010 წლის კონვენცია, რომელსაც ხელი მოაწერა 100-ზე მეტმა ქვეყანამ. კონგრესმა შეზღუდა კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესაძლებლობა, რადგან ახლავს საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტს ან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეუძლია, გადალახოს ეს შეზღუდვები, თუ მაღალი სტანდარტი დაკმაყოფილებულია.