ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

განხორციელდება თუ არა შოვის პროექტი, ვინ დგას “სიმეტრიას” უკან? – რადიო თბილისის ინტერვიუ

მრავალწლიანი განხილვების შემდეგ გასული წლის ბოლოს, შოვის განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა.

ერთ-ერთ პროექტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომლის პროექტის ილუსტრაციების მიხედვით შოვში 18 მეტრი სიმაღლის სასტუმრო/საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

ივლისის თვეში, კომპანია სატელევიზიო ეთერებში აცხადებდა, რომ შოვის პროექტის განხორციელებას 8-წლიანი პერიოდი დასჭირდება, ჯამური ინვესტიცია კი მხოლოდ მათი მხრიდან $140 მლნ იქნება.

აღსანიშნავია, რომ სამი ძირითად მესაკუთრე ტერიტორიის 45%-ს ფლობს, დანარჩენი 55% კი რამდენიმე ათეულ მესაკუთრეზეა განაწილებული.

არსებობს სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ეტაპიც.

ცვლის თუ არა შოვის ტრაგედია სურათს?

შოვის ტრაგედიის მიმართ, სადაც სტიქიის გამო, ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, 22 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, საზოგადოებაში მაღალი ინტერესის გამო გაჩნდა არაერთი კითხვა. 

მათ შორის ერთ-ერთი მთავარი – საერთოდ განხორციელდება თუ არა პროექტი?

რადიო თბილისი ესაუბრა ირაკლი ბერეკაშვილს, დეველოპერული კომპანია „სიმეტრია ჯგუფის“ საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელს.

ირაკლი ბერკაშვილი

– ბატონო ირაკლი, შოვის ტრაგედიის შემდეგ, იგეგმება თუ არა პროექტის განხორციელება?

– დღეისათვის ჩვენი გუნდი სრულად კონცენტრირებულია მიმდინარე სამაშველო/საძიებო პროცესებზე. იმის ფონზე რომ ეს პროცესები არ დასრულებულა, ჩვენი მხრიდან დღეს არ მიგვაჩნია სწორად და დროსთან შესაბამისად პროექტის განხორციელებაზე საუბარი. სამომავლოდ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება საზოგადოების, რეგიონის, ასევე სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და ხედვაზე კურორტის მომავალთან დაკავშირებით.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შოვის განვითარების პროექტი იყო დაგეგმარების პროცესში. პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მრავალი დეტალი მოითხოვდა დაზუსტებას. როგორც ივლისის თვეში, BMG-ზე გასულ სიუჟეტში შეგეძლოთ გენახათ, ეს დეტალები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ნაპირსამაგრი თუ სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, ასევე არქიტექტურული პროექტის მომზადება, მისი შეთანხმება და ა.შ.

ის ფოტომასალა, რომელიც თითქოს დამტკიცებული პროექტის სახით ვრცელდება, არის წლების წინ, პირველადი გენ-გეგმის ფარგლებში შექმნილი ზოგად-კონცეფციური ვიზუალი, რომელიც არ წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის ნაწილს და ბუნებრივია მის მშენებლობაზე არანაირი ნებართვა არასოდეს გაცემულა. ის გეგმა, რის დამტკიცებაზეც საზოგადოება საუბრობს ეს დღეებია და რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცდა 2023 წლის დასაწყისში, არის შოვის კურორტის ზოგადი განაშენიანების გენერალური გეგმა და არა კონკრეტული არქიტექტურული პროექტი. ეს გენერალური გეგმა განსაზღვრავს კურორტის სამომავლო განაშენიანების ზოგად პარამეტრებს, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა კურორტის ფარგლებში უძრავი ქონების განვითარების მსურველი ნებისმიერი სუბიექტისთვის როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის პროცესში.

– ვინ არიან პროექტის ინვესტორები? არიან თუ არა მათ შორის რუსეთის მოქალაქეები? რა არის პროექტის სრული ბიუჯეტი? თუ განხორციელება იგეგმება, როდის დაიწყება და რა ვადაა საჭირო სრულად დასრულებისთვის?

– „სიმეტრიას“ ფუნქცია და როლი შოვის კურორტის განვითარების პროექტში გახლდათ წმინდად მმართველობითი. განვითარებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას კი კურორტის მიწის ფართობის სამი ყველაზე მსხვილი მესაკუთრე ახდენდა, მათ შორის ორი ქართული, ხოლო ერთი ყაზახური ბიზნეს-ჯგუფია. არცერთი რუსეთის მოქალაქე, პროექტის განვითარების არცერთ ეტაპზე, არ ყოფილა ჩართული რაიმე ფორმით.

რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებსა და დაწყების თარიღს, არსებული უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, მათზე საუბარი ძალიან ნაადრევად გვეჩვენება.

– თქვენ მედიაში საუბრობდით ეკოლოგიურ რისკებზე, რას გულისხმობდით? გქონდათ თუ არა ზუსტი სურათი და რეკომენდაციები ეკო მდგომარეობაზე? რას უპირებთ მდინარე ბუბას კალაპოტს?

– გასული წლების პრაქტიკამ კარგად გვაჩვენა, რომ ეკოლოგიური და გეოლოგიური უსაფრთხოების კუთხით მრავალი დეტალი იყო გასათვალისწინებელი პროექტის გეგმარების პროცესში. როგორც უკვე ვახსენეთ, შოვის პროექტის განვითარებისათვის ჩვენც და ჩვენს ინვესტორებსაც გვჭირდებოდა იმის მყარი გარანტიები, რომ ეკოლოგიური და სტიქიური საფრთხეების თვალსაზრისით, უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნებოდა გათვალისწინებული, რაზეც, საზოგადოებასთან, არაერთ ინტერვიუში გვისაუბრია.

კურორტის პროექტირების პირველივე კვლევითი სამუშაოებისთანავე მკაფიოდ გამოიკვეთა კურორტის მომიჯნავე ორივე მდინარის კალაპოტში საფუძვლიანი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. პროექტის განვითარების გეგმის შემდეგი ეტაპი, 2023 წლის ბოლოსთვის, სწორად ამ საფრთხეების უფრო სიღრმისეულ შესწავლას და მათი დაზღვევის ეფექტური ღონისძიებების გამოკვეთას მოიაზრებდა, კონტრაქტორ ავსტრიულ არქიტექტურულ კომპანიასთან, ასევე მათი პროექტირების გუნდში შემავალ გეოლოგებსა და ტურიზმის კონსულტანტებთან თანამშრომლობით.

– როგორ არის სახელმწიფო ჩართული აღნიშნულ პროექტის განხორციელებაში? სხვადასხვა მედიაში გაჟღერდა ბრალდება, რომ თქვენ პრემიერ ღარიბაშვილთან და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი ხართ

– დღეს ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. მთელი ქვეყანა განსაკუთრებული ემოციური ფონის ქვეშაა და ამ ფონზე უამრავი აბსურდული ინფორმაცია ვრცელდება. სამწუხაროა, რომ კონკრეტული ჯგუფები შესაძლოა არსებულ ვითარებას, საკუთარი ვიწრო ინტერესების გასატარებლად იყენებდნენ.

მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ, რომ სახელმწიფოს ოფიციალურ პირებსა თუ ორგანიზაციებთან ჩვენს კომპანიას მხოლოდ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობები და თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენ ვართ კერძო კომპანია, რომელიც წარმოვადგენთ ჩვენი პარტნიორების (კერძო მესაკუთრეების) ლეგიტიმურ ინტერესებს, ხოლო კომპანიის ფილოსოფიიდან გამომდინარე, აუცილებლად და უპირველესად ვითვალისწინებთ როგორც საზოგადოების, ისე რეგიონის და გარემოს ინტერესებს. იმის გათვალისწინებით, რომ შოვის კურორტის განვითარების პროექტი მასშტაბური, ხოლო მისი გავლენა რეგიონის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე უპრეცედენტოდ მაღალია, ბუნებრივია, რომ მისი რეალიზების პროცესი, პროექტში ჩართული ყველა მხარის, სახელმწიფო ინსტიტუციებთან კოორდინირებულ მუშაობას და თანამშრომლობას გულისხმობს. ამის გარეშე მსგავსი კომპლექსურობის პროექტის განხორციელება არარეალურია. შესაბამისად გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო, აბსურდული და სიმართლესთან შეუსაბამოა.

– რას ფიქრობთ შოვის ტრაგედიაზე, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის თავიდან აცილება?

– დღეს, შოვის ტრაგედია ყველას უკიდურესად გვტკივა და გვაწუხებს, ჯერ არ დასრულებულა და აქტიურად გრძელდება საძიებო ღონისძიებებიც. ამ ფონზე ვრცელდება ბევრი ალტერნატიული ვერსია სტიქიისა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ. შესაბამისად, ამ საკითხზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება მართებულად მიგვაჩნია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდება, ტრაგედიის მიზეზების ზედმიწევნით შესწავლის საფუძველზე შესაბამისი კვალიფიკაციისა და მაღალი რეპუტაციის მქონე დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნები.

ირაკლი ბერეკაშვილს ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე ესაუბრა

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button