უკრაინაში ომის 570-ე დღეა -კიევში ბალისტიკური იარაღის საფრთხე იზრდება

უკრაინაში, ომის 570-ე დღეა – რუსეთის საოკუპაციო ძალები საერთაშორისო სამართლის პრინციპების იგნორირებას განაგრძობენ და შეტევებს არამხოლოდ უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე ახორციელებენ. თავდასხმას კი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება.
ბოლო 24 საათში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, 59 საავიაციო დარტყმა განხორციელდა და დრონებით 12-ჯერ შეუტიეს დასახლებულ პუნქტებს. სამიზნე გახდა 100-მდე საცხოვრებელი ზონა, მათ შორის ხარკოვი, დონეცკი და ხერსონი.
რუსულმა ძალებმა ხარკივი დაბომბეს. უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკივს სულ მცირე 4-ჯერ დაარტყეს.
როგორც მედია წერს, ბალისტიკური იარაღის საფრთხეა კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაივის და ზაპოროჟიეს რეგიონებში.
უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
“ხელშესახები და უკრაინისთვის ძალიან საჭირო შედეგები გვაქვს ბახმუტის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ანდრიივკა. მადლობას ვუხდი მესამე მოიერიშე ბრიგადას და მეთაურ სირსკის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოქმედებას კლიშჩიივკასა და კურდიუმივკას მიმართულებებით. ძალიან ძლიერად ოპერირებს 36-ე საზღვაო ბრიგადა ოპიტნესა და ვოდიანეს მიმართულებებით. ნოვოპროკოპივკა კარგი ნამუშევარია! ვამაყობ თითოეული მეომრით,რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს. აქვე გეტყვით,რომ შევხვდი კარიმ ხანნს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, განვიხილეთ სამართლებრივი მიდგომები იმ ხალხისთვის, ვინც რუსეთის კრიმინალური ომის გამო იტანჯება.
პასუხი უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი. მსოფლიოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ კანონმა აჯობოს აგრესიას და ყაჩაღურ ძალებს,” – აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.