1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ხვალ, 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 1-ელი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები.
არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის მხრივ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია აწარმოა, რომელიც მთლიანად ეძღვნება კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხს.
„ჯერ კიდევ არჩევნების დანიშვნამდე განხორციელდა ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები „ცესკოს საარჩევნო სკოლა“, „საარჩევნო ბანაკები“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და ა. შ. ამასთან, ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხმრავალ ადგილებში მართავდნენ ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციას, სადაც ამომრჩევლებს პირადად შეეძლოთ ელექტრონული აპარატების საშუალებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა. საარჩევნო სიახლეებთან დაკავშირებით დარიგდა საინფორმაციო ბროშურები. ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები აქტიურად გაშუქდა როგორც ბეჭდურ, ისე სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მედიაში, ასევე განთავსდა საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები. იმ ქალაქებში კი, სადაც ხვალ არჩევნები იმართება, ბილბორდებზე განთავსებულია ინფორმაცია საარჩევნო სიახლეებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
„ახლა კი გაგაცნობთ არჩევნებთან დაკავშირებულ დეტალებს. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.
დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში.
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 184 300-ია“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია – 16 საერთაშორისო დამკვირვებელი, 426 ადგილობრივი დამკვირვებელი. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი,
„საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით რამდენიმე ეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა იოსელიანმა.