აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარს გამოყოფს
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ გუშინ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფას.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხები განცალკევებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა.
დემოკრატები შიშობენ, რომ კანონპროექტების ცალ-ცალკე განხილვას რუსული პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს.
“რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე”, – თქვა დემოკრატმა ადამ სმიტმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა.
ამასთანავე, აშშ-ის სენატი შეთანხმდა მოკლევადიანი ბიუჯეტის რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტზე, რომელიც მრავალ საკითხთან ერთად მოიცავს უკრაინისთვის 6,1$ მილიარდის გამოყოფას, რომლიდანაც 4,5 მილიარდი თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 1.6 – ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოების გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„არის ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელიც მალე დაიწყებს რეალიზებას…
უახლოეს დროში უკრაინაში ამერიკული დელეგაცია ჩამოვა, რომელთანაც ჩვენთვის საჭირო იარაღის წარმოებაში დახმარებაზე იქნება მოლაპარაკებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ“, – განაცხადა ერმაკმა.
შვეიცარიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით 110 მილიონ დოლარს (100 მილიონი შვეიცარიული ფრანკს) გამოუყოფს.
“სულ 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გამოიყოფა ჰუმანიტარული განაღმვისთვის 2024-დან 2027 წლამდე, თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტისა, და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მიერ” – წერია გავრცელებულ პრესრელიზში.
შვეიცარია უკვე მონაწილეობს უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვის ღონისძიებებში. დამატებითი პაკეტის წყალობით ეს სამუშაოები კიდევ უფრო გაძლიერდება.
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში – ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონებში – ე.წ. ჩინოვნიკებს სანქცები დაუწესა, რომელიც აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში ასევე დაამატა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსანდრე კურენკოვი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის მდივანი, ნატალია ალექსეევნა ბუდარინა და ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნილი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, მარინა ზახაროვა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე.
„რუსეთის ყალბი არჩევნები არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობა. სხვის ქვეყანაში არჩევნების“ ჩატარება არ შეიძლება. გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე – ყირიმი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი უკრაინაა“, – აღნიშნა კლევერლიმ.