მნიშვნელოვანისიახლეები

მსოფლიოში განვითარებული საომარი მოქმედებების მიუხედავად საქართველოში არის მშვიდობა-პაპუაშვილი

გაიხედეთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობით – საქართველოში ამ დროს არის მშვიდობა. ეს არის რასაც უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს ორი ომი, პაპუაშვილი აცხადებს, რომ უპირველესი საბჭო, რომელიც არსებობს საქართველოში, არის საქართველოს მთავრობა და მთავრობის წევრებს ერთმანეთთან კოორდინაცია აქვთ.

„ამ პირობებში საქართველო იმას ახერხებს, რომ შენარჩუნებულია უსაფრთხოების ის სტანდარტი, რაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი განვითარებისთვის და არ ხდება იმ რისკების რეალიზება, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მიმართაც აქვს სხვადასხვა არაკეთილმოსურნეს. ეს არის სწორედ შედეგი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებისა, პირიქით რომ ყოფილიყო და გაიხსენეთ ოპოზიცია სხვადასხვა დროს რას მოგვიწოდებდა სხვადასხვა პოზიციებზე, დღეს საქართველო ისევე იქნებოდა ცეცხლში გახვეული, ერთ – ერთი ადამიანის სიტყვები რომ გამოვიყენო და ზუსტადაც ისეთი ცეცხლის წვიმა იქნებოდა აქ, რომელსაც ნატრულობდნენ და დღეს რომ მისტირიან.

უსაფრთხოების საკითხებში კოორდინირებას რაც შეეხება, უპირველესი საბჭო, რომელიც არსებობს საქართველოში, არის საქართველოს მთავრობა, რომელიც მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს წევრებისგან შედგება და დამატებით კიდევ მთავრობის წევრები არიან. მთავრობას აქვს ყოველდღიური, ყოველწამიერი კოორდინაცია, პრემიერს – მთავრობის წევრებთან. ეს კოორდინაცია რომ მუშაობას აჩვენებს შედეგები,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მანვე ისაუბრა არჩევნების თემაზე რომელიც ელექტრონულ ვერსიას განიხილავს
“დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს. ჩვენ შევთავაზეთ, პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც მიღებული იქნა ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მასშტაბური კამპანია პარლამენტიდან დაიწყება, ვინაიდან აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება სწორედ საკანონმდებლო ორგანოში იქნა მიღებული.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპტიმისტური გათვლები იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წელს შეძლებდა ამომრჩევლების ელექტრონული ტექნოლოგიებით ვერიფიკაციის გატარებას გამართლდა, რადგან ბევრი საპილოტო პროექტი, რომელიც ცესკომ ჩაატარა წარმატებული იყო.

“90 პროცენტი ამომრჩევლებისა 2024 წელს შეძლებს, სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე, ასევე, ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ბოლოს მოუღებს ყველანაირ სპეკულაციას, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა თემა, რაც გაგიგონიათ არჩევნებთან დაკავშირებით – ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე კითხვები, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელური დათვლის, გვახსოვს მთელი ეს პერიპეტიები და ა.შ. – ყველაფერ ამაზე ტექნოლოგიურად იქნება პასუხი გაცემული, ისე, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩება. ბიულეტენები, ბათილობა, ოქმები, ბალანსი და ა.შ. გამოჩნდა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმის მცდელობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და აღნიშნა, რომ ისინი მონაწილეობას საარჩევნო პროცესში შეფერხების გარეშე შეძლებენ.

“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან, როგორც აქამდე იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მიიღებენ, აქ არაფერი იცვლება, პირიქით, ელექტრონული ტექნოლოგიები ელექტრონული მთვლელების მეშვეობით იქნება. შესაბამისად, თუ საჭიროება იქნება, არ ვიცი, უბნები რამხელა არის, იმისდა მიხედვით იქნება გამოყენებული ელექტრონული მთვლელები. ამავე დროს, თუ საუბრობთ დისტანციურად ხმის მიცემის შესაძლებლობაზე, ეს ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და დიდი რისკის შემცველი ტექნოლოგიაა. სულ ახლახან იყო დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, დისტანციურად უნდოდათ პარტიული არჩევნების ჩატარება და გააუქმეს იმის გამო, რომ რუსეთის ჩარევის დიდი რისკი იყო. სხვა ქვეყნებშიც იყო ამის პრეცედენტი, მათ შორის, გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რომ სავალდებულოდ არ დაწესებულიყო. არის რისკი, რომ მოხდეს ჩარევა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინტერესები საქართველოს არჩევნების მიმართ გარედან და, რა თქმა უნდა, ეს ამ რისკებთანაა დაკავშირებული. სხვა მხრივ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რა თქმა უნდა, თანაბრად ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენციას მართავს.

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ რამდენიმე გარკვეული შემთხვევების გარდა, ახალმა ტექნოლოგიებმა „კარგად იმუშავა, მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ სიახლესთან დაკავშირებით, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი და გამოწვევა შეისწავლა არჩევნების ახალი, ტექნოლოგიური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდეს.
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები დაიწყეს.

მისივე თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამარტივდება კენჭისყრის პროცესი და უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების ევროპული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები საჯარო უწყებებისთვის, დავიწყეთ საკანონმდებლო ორგანოდან, როგორც საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა, ჩართული მხარეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ რეფორმის აღსრულების მიზნით განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა 90%-ს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის სერვისი, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა რეგისტრაცია შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტებით და საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება ხმების მთვლელ აპარატში, რაც, ორივე ერთად, კომბინირებულად იძლევა შესაძლებლობას, დაზღვეული იყოს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შემთხვევები; ეს შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, გამარტივდეს კენჭისყრის პროცესი, პასუხი გაეცეს ყველა წუხილს თუ მანიპულაციას, რომელიც წინა წლებთან მიმართებით არსებობდა შედეგების სიზუსტესთან, წინასწარი შედეგებისა და მონაცემების მოკლე დროში გამოქვეყნებასთან მიმართებით, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ 2024 წელს და ყველა შემდგომი არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, ევროპული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

ერთი არის ტექნოლოგიები და მეორეა მისი მხარდამჭერი საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზებას ახორციელებს. ამასთან, აღსანიშნავია ის საკანონმდებლო, დამცავი, დამატებითი მექანიზმები, როგორიც არის ყველა საარჩევნო უბნის გადათვლა, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიური აპარატები იქნება განთავსებული, ასევე, ტრადიციული უბნების შემთხვევაში, ბიულეტენების გაციფრულება, გასაჯაროება და ხელმისაწვდომობა. ამ პროცესის აუდიტირება მოხდება ამერიკული კომპანიის მიერ, რათა პროცესში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური საჯაროობა, ღიაობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განცხადებით, ემიგრანტებთან დაკავშირებით, გარკვეულ შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე გაიზარდა ვადები ამომრჩევლების მიმართვიანობის.

„უნდა აღინიშნოს, რომ, ემიგრანტების შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე გაიზარდა ვადები ამომრჩევლების მიმართვიანობის ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ამომრჩეველი არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე. მათ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის საკონსულო დაწესებულებებს და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისი რეგისტრაცია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებისას უზრუნველყოფილი არ არის ინტერნეტი, რაც აზღვევს რისკს, რომელიც კიბერსაფთხეებს, კიბერჩარევებს უკავშირდება.

„რაც შეეხება ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი და არც მეორე ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი ინტერნეტი, რაც, თავის მხრივ, აზღვევს რისკს, რომელიც უკავშირდება კიბერსაფთხეებს, კიბერჩარევებს და ხსნის მოწყვლადობას ამ აპარატებთან მიმართებით. შესაბამისად, ამ მიზნით, ქვეყნის შიგნით არ ხდება ინტერნეტის გამოყენება. ბუნებრივია, ის, რომ ქვეყნის გარეთ ამომრჩეველთა მომსახურების მიზნით ინტერნეტის კომპონენტის გამოყენება ხდებოდა, თავის მხრივ, გარკვეულ საფრთხეებთან, რისკებთან არის დაკავშირებული, რაც, ჩემი აზრით, იმთავითვე გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებისას, როდესაც ასეთი ტექნოლოგიურ ინვესტიციაზე იქნა შეთანხმება საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button