პუტინი ავდეევკაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ავდეევკაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.
“რუსული ძალები ავდეევკას ჩრდილოეთით თავდასხმისთვის ემზადებიან. რუსი სამხედრო ბლოგერი იტყობინება, 1 ნოემბერს, რომ რუსულმა ჯარებმა ავდეევკაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს, თუმცა უკრაინელები მტრის შეკავებას ახერხებენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ჯარები ავდეევკას რეგიონში შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, მაგრამ მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის გარეუბნებს თავს დაესხნენ.
ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა სულ მცირე 10 უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.