ივანიშვილი POLITICO-ს “დამრღვევების” სიაში მოხვდა

გამოცემა POLITICO-მ ევროპაში გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოავლინა. ყველაზე გავლენიანი ადამიანის გარდა, სია სამ კატეგორიად იყოფა – საქმის გამკეთებელი, ჩამშლელები, მეოცნებეები, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას წარმოადგენს. თითოეულ კატეგორიაში 9 ადამიანია წარმოდგენილი.
იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც “პოლიტიკო” ოლიგარქად მოიხსენიებს. ამავე სიაში მოხვედრილია უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მოხსნა აკრძალვა პირდაპირი ფრენების შესახებ და წამოიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი მისი მოგზაურობის გამო ევროკავშირის დედაქალაქებში.
“თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, იგი პოლიტიკიდან წავიდა, რათა შავ ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში უბრალოდ ცხოვრებას მიუძღვნას თავი. თუმცაღა საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს), მმართველ პარტია ქართულ ოცნებას კულისებიდან მართავს. მისი მიზანია: თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან კრემლის კლანჭებში გადაიყვანოს. […]
ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ სწორედ ივანიშვილია დიდწილად პასუხისმგებელი საქართველოს პრომოსკოვურ მოძრაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალებისა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა რუსეთში პარალელური ექსპორტის საკვანძო ცენტრად იქცა. ამავე დროს, დამკვირვებლები ამბობენ, რომ თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებებისგან, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიისგან – სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი გაწევრიანების განაცხადს განიხილავს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას და სურთ, რათა ქვეყანა დასავლეთისკენ შეტრიალდეს. მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა 2022 წლის ივნისში 12 რეკომენდაცია წარმოადგინა, რომელთა შესრულებაც ბლოკში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, თბილისს 2024 წელს მკაფიო გზა აქვს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა სურს. საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი”, – წერს გამოცემა ივანიშვილზე.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე POLITICO-ს სტატიას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ჩამშლელთა სიაში შეყვანას “სამარცხვინოს” უწოდებს. აღსანიშნავია, რომ გამოცემას ივანიშვილი ოლიგარქად ჰყავს მოხსენიებული და მიუთითებს, რომ ის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის.
“ერთი სიტყვით ვუპასუხებ: ეს არის სამარცხვინო. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაცა გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას ხომ არაფერი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ სწორედ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბინა ივანიშვილმა, დაამყარა ისეთი მმართველობა, რომელიც თავსებადია დასავლურ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ამ მიღწევების შეგროვება, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას.
მოსკოვისკენ მიაქანებს და კანდიდატის სტატუს იღებს? რანაირად ხდება ეს ყველაფერი, ხომ? ხალხი არის პირველი, ვისი დამსახურებაცაა, მაგრამ ხელისუფლების გარეშე ვერცერთი ხალხი ვერ იღებს სტატუსს. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, არცერთი ფაქტი, არცერთი გარემოება ამაზე არ მიუთითებს, არის ცარიელი სპეკულაციები”, – აცხადებს კობახიძე.
ივანიშვილთან ერთად “ჩამშლელების” სიაში მოხვდნენ კარლ პუოჩდემონი, ვიქტორ ორბანი, ანალენა ბერბოკი, მანფრედ უებერი და სხვები.