მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეხვედრებს აგრძელებს რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 16 იანვარს, გაიმართა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სტოლტენბერგთან განიხილა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, გენერალურ მდივანს გააცნო რუსეთის მხრიდან ამასწინანდელი მასობრივი ავიადარტყმების შედეგები და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას.

“განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, ვაშინგტონში დაგეგმილი NATO-ს სამიტისთვის მომზადება.

მადლობა ჩვენი სახელმწიფოს სტაბილური მხარდაჭერისთვის”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ნატოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია სამუშაოზე, რომელსაც უკრაინა განაგრძობს პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებების გასაფორმებლად. ეს დოკუმენტები ძალაში უნდა იყოს ნატოში უკრაინის მიღებამდე. განხილული იყო ვაშინგტონში ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხიც. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც ალიანსის წევრობასთან მიაახლოებს.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეკ სალივანს შეხვდა.

როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს ურყევი უკრაინის მხარდაჭერისთვის.

“აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში უკრაინასა და აშშ-ს შორის შემდგომი თანამშრომლობა, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორი დისტანციურ იარაღზე.

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში 15 იანვარს ჩავიდა და იმავე დღეს მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე.
ბერნში, ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ის დავოსში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

დღეს, 16 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button